მთავარი,სიახლეები

პროკურატურამ ქობულეთის „სანდასუფთავების“ ყოფილი უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

06.06.2019
პროკურატურამ ქობულეთის „სანდასუფთავების“ ყოფილი უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ქობულეთის მერიაში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

საუბარია ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის სანდასუფთავებაზე“, რომლის ხელმძღვანელმა, სულიკო ბლადაძემ, TV 25-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა ორგანიზაციაში არსებული ნეპოტიზმი. მან განაცხადა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული. TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს.

გუშინ, 5 ივნისს, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მისი თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან არაკორექტული ურთიერთობა გახდა. მირიან ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

მითვისების ან გაფლანგვის მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, ან გაფლანგვას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. ეს მუხლი სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________________

ფოტოზე: სულიკო ბლადაძე. კადრი TV 25-ის სიუჟეტიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: