მთავარი,სიახლეები

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება „სტუდენტისა და ლექტორის საქმეზე“

28.05.2019
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება „სტუდენტისა და ლექტორის საქმეზე“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საბჭო პირადად დაუკავშირდა სტუდენტს და დამატებით მიიღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საბჭო მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს და მადლობას უხდის მათ გამბედაობისთვის.

სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა – სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, სექსუალური მოძალადისთვის განსაზღვრულია სათანადო პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს და მთლიანად საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ვიბრძვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის ღიად ისაუბროს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, დაუცველობის განცდა არ უნდა დარჩეთ.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.

საბჭო დააკვირდება უფლებამოსილი უწყებების რეაქციებს და განაგრძობს კომუნიკაციას ბსუ-ს სტუდენტ(ებ)თან”.

____

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება თავდაპირველად  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოგვიანებით მუხლი შეიცვალა. გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: