მთავარი,სიახლეები

მერია „ჩაის სახლის“ ნაწილს სატუმროს მოწყობის პირობით გაყიდის

25.04.2019
მერია „ჩაის სახლის“ ნაწილს სატუმროს მოწყობის პირობით გაყიდის

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, გოგებაშვილის #14-ში მდებარე ოთხსართულიან შენობაში [ე.წ. ჩაის სახლი] 341 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის.

მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აუქციონის პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იქნება. სასტუმროს ინტერიერის მოსაწყობად კი მყიდველს იმის გათვალისწინებაც მოუწევს, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მერისთვის მიწერილი ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ არის ძეგლის ნაწილი სასტუმროს მოწყობის პირობით გასხვისდეს იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას შემძენი პროექტს კანონის დაცვით წარუდგენს სააგენტოს ძეგლების საბჭოს.

შპს „გეოგრაფიკის“ დახასიათებით [კვლევა 2015 წელსაა ჩატარებული] შენობის მხატვრული იერსახე და ტექნიკური მდგომარეობა კარგია და მოითხოვს მხოლოდ გეგმიურ მცირე რეაბილიტაციას. თუმცა კომპანია დადებითად არ აფასებს მიმდებარედ პარკინგის მოწყობას, სასტუმროს მოწყობის შემდეგ კი ამ მხრივ, სავარაუდოდ, რთული ვითარება შეიქმნება:

„ჩაის სახლის მდებარეობა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, ზღვისკენ ორიენტირებულ მაგისტრალზე სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა.“

2012 წლამდე ეს შენობა ორსართულიანი იყო, შემდეგ კიდევ ორი სართული დააშენეს. მერიის ინფორმაციით, ქონება აუდიტმა 853 200 ლარად შეაფასა. ელექტრონულ აუქციონზე კი მისი ფასი შესაძლოა გაიზარდოს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: