მთავარი,სიახლეები

დ’ალფონსის სააგარაკო სახლს მწვანე კონცხზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შენობა ავარიულია

09.08.2018
დ’ალფონსის სააგარაკო სახლს მწვანე კონცხზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შენობა ავარიულია

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოაწერა.

სააგენტოს ინფორმაციით, სააგარაკო სახლი, რომელიც უკვე არქიტექტურულ/მემორიალური ძეგლია, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშია აშენებული.

სააგარაკო სახლი, სადაც ადრე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს გამოთავისუფლებულია. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

„დ’ალფონსის“ სააგარაკო სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ჩატარება იმ პროექტით იყო გათვალისწინებული, რომელიც, სავარაუდოდ, ფონდ „ქართუს“ უნდა დაეფინანსებინა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ძეგლზე რაიმე სამუშაოები დაწყებული არ არის: „საუბარი იყო, რომ შენობას მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შემდეგ შედგებოდა პროექტი. ადრე იყო საუბარი [„ქართუს“ მიერ] შესაძლო დაფინანსებაზეც, თუმცა „ქართუსთან“ ჯერ-ჯერობით არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია შენობის რეაბილიტაციის საკითხი. შესაძლოა პროექტი შეიძინოს კულტურულმა მემკვიდრეობამ და შემდეგ სამუშაოებს დააფინანსებს ან სახელმწიფო, ან „ქართუ“ და ა.შ. შენობა არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. უნდა დაინგრეს და პირვანდელი სახით აღდგეს“.

„ჯერ შენობის მდგომარეობა უნდა შევაფასოთ სათანადოდ. გამაგრება პირველ რიგში და სხვა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. საერთო სურათი კი კვლევის შედეგად უნდა მივიღოთ, თუ რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო. ამას დაადგენენ სპეციალისტები. როცა ხარჯთაღრიცხვა გვექნება, საჭირო იქნება ფინანსები, რომლის მოძიებაც რამდენად მალე მოხდება, დროის თვალსაზრისით, ვერ გეტყვით [შენობას სტატუსი ახლა მიენიჭა]. მუშაობა ამ დროისთვის იმ ძეგლებზე მიდის, რომლებიც ასევე ავარიულ მდგომარეობაშია,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

დ’ალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.

დ’ალფონსის ძეგლი ბათუმის ბულვარში / ფოტო: ბათუმის ბულვარი

დ’ალფონსის სააგარაკო სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა / ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

დ’ალფონსის სააგარაკო სახლი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში / ფოტო: თედო ჯორბენაძე /2016 წ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: