მთავარი,სიახლეები

ბათუმის თევზის ბაზარში შავი ზღვის ხამანწკები დაბრუნდნენ

21.07.2018
ბათუმის თევზის ბაზარში შავი ზღვის ხამანწკები დაბრუნდნენ

გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიჩნეული შავი ზღვის ხამანწკა ბათუმის თევზის ბაზარში დაბრუნდა და კილოგრამი 30 ლარად იყიდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა.

გუჩმანიძის თქმით, ბოლო 45 წლის განმავლობაში, შავი ზღვის ხამანწკა პირველად 2016 წელს აღმოაჩინეს.  სახეობა იმდენად გამრავლდა რომ უკვე მისი ბაზარში ყიდვაცაა შესაძლებელი.

„გუშინ  ბათუმის თევზის ბაზარში გასაოცარ ფაქტს წავაწყდი – გაყიდვაშია ჩვენს სანაპიროზე მოპოვებული ხამანწკები. ეს ფორმა ისტორიულად იყო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ტიპიური, ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ობიექტი. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში, ხდებობა მისი ხელოვნური კულტივირება და რეწვა-მოპოვება. სახელგანთქმულ გუდაუთის სახამანწკე თავთხელზე და ის ექსპორტზე გადიოდა რუსეთისა და ევროპის ქალაქებში.
შემდგომ სხვადასხვა ფაქტორების, ძირითადად ინვაიდერ მოლუსკ-რაპანის, ასევე სხვადასხვა ეპიზოოტიების და წყლის ქიმიური დაბინძურების გამო მოხდა მისი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება. უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ცოცხალი ეგზემპლარების მოპოვება საქართველოს და შავი ზღვის სანაპიროებთან აღარ ფიქსირდებოდა. შესაბამისად მეცნიერების მიერ ის გადაშენებულად მიიჩნეოდა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით,  მეთევზეებიდან სიტყვიერად იცოდნენ რომ შავი ზღვის ხამანწკა ძალიან მცირე რაოდენობით არსებობდა  საქართველოს სანაპიროს აჭარისა და აფხაზეთის მონაკვეთზე, თუმცა ცოცხალი ეგზემპლარი მოპოვება აქამდე ვერ ფიქსირდებოდა.
“მისი გამოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო, როგორც სამეცნიერო ნიუსი, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით, როგორც მარიკულტურის – საზღვაო მოშენების ძვირფასი და რენტაბელური ობიექტი, ასევე ბიო-ეკოლოგიური კუთხით, როგორც ინდიკატორი ინვაზიური ფორმების, ეპიზოოტიების და წყლის ქიმიური დაბინძურების მიმართ,” – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

შავი ზღვის ხამანწკები
ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.