მთავარი,სიახლეები

ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა

26.04.2018
ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა

ბათუმის ფსიქიატიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოში ფსიქიატრიული კლინიკის 12 პაციენტი იქნება დასაქმებული. ისინი ძირითადად პურ-ფუნთუშეულს, ასევე ტკბილეულს დაამზადებენ. სოციალური საწარმოს სახელია: „ადამიანები მოქმედებაში“.

სოციალური საწარმოს მოსაწყობად „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ გრანტი შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ მოიგო. ეს ორგანიზაცია მართავს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების გარდა, საწარმოში მუდმივად იმუშავებს 2 მზარეული, შრომითი თერაპიის ინსტრუქტორი და ბუღალტერი. 8 ათასი ევროს გრანტით საწარმო დანადგარებით აღიჭურვა, ხოლო მერიის თანადაფინანსებით საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინეს.

„12 თანამშრომელი ახალი საწარმოსთვის უკვე შერჩეულია. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი უნარი, ასევე იგეგმება მათი გადამზადება. პერიოდულად შესაძლებელია თანამშრომლების განახლება,“ – გვითხრეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრესსამსახურში.

საწარმოში დამზადებულ პროდუქტს ისევ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბენეფიციარები მოიხმარენ. ორგანიზაცია, რომელიც საავადმყოფოს საკვებით ამარაგებს, ტენდერით აღარ შეიძენს პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის ნაწილს. საავადმყოფოს პრესცენტრის თქმით, სამომავლოდ იგეგმება დამზადებული ტკბილეულის კლინიკის გარეთ გაყიდვაც.

საწარმოში მხოლოდ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალი პაციენტები დასაქმდებიან. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასაქმების სურვილი მამაკაცებმაც გამოთქვეს და თუკი ისინი გადამზადების კურსს გაივლიან, ისინიც დასაქმდებიან საწარმოში. კლინიკის პრესსამსახურში ამ დროისთვის ვერ გვითხრეს, რას გადაუხდიან ანაზღაურების სახით საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: