კვირის ამბები

ვინ ზრუნავს მდინარის კალაპოტების გამაგრებაზე

13.10.2014
ვინ ზრუნავს მდინარის კალაპოტების გამაგრებაზე

 

 

 

ნაპირგამაგრების სამუშაოების ჩატარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო ხიდებისა და მდინარეების კალაპოტების გზისპირა მონაკვეთების გამაგრება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მოვალეობა.

 

„თუ მდინარის კალაპოტები ეხება გზას, გზა ჩამორეცხა ან შეავიწროვა, მაშინ ვაკეთებთ აღდგენით სამუშაოებს. ვაშენებთ კედლებს, ვაკეთებთ გაბიონებს, ვატარებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს. თუკი მდინარე სავარგულებს რეცხავს და აზიანებს, ეგ ჩვენ არ გვეხება,“- ამბობს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო დუმბაძე.

 

მისივე თქმით ყოველწლიურად ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე სამელიორაციო სამსახურის თანამშრომლები კვლევას ატარებენ, თუ სად, რომელი გზის მონაკვეთია დაზიანებული, შემდეგ ამის მიხედვით დგება ბიუჯეტი და წლის მანძილზე ხორციელდება სამუშაოები.

 

„მელიორაციის სისტემაში თუ რამე პრობლემა გვაქვს, გაზაფხულზე კომისია ამოწმებს და შემდეგ ვაღდგენთ ამ არხებს. მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ რომელიმე ხიდის ბურჯი არის დაზიანებული, ვამოწმებთ მის მდგომარეობას, შესწავლის შემდეგ ვაკეთებთ პროექტს და შემდეგ ხდება მისი გამაგრება. თუმცა ახლა ისეთი წვიმა იყო და მდინარეები ისე იყო ადიდებული, მაგას ვერაფრით ვერ გავამაგრებდით. გაკეთებული ხიდები წაიღო. ამჟამად ორი ხიდი გვაქვს დაზიანებული ქედაში. მდინარე აკავრეთაზე დაზიანდა ხიდი. საკალმახე მეურნეობაა და იქ მისასვლელი ხიდი ჩავარდა, იმხელა წყალი მოვიდა. უახლოეს დღეებში ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დავიწყოთ. ასევე მერისი-გუნდაური-ჭალათის ხიდის მოწყობა მიმდინარეობს,“- ამბობს სერგო დუმბაძე. მისი თქმით ხდება ისეც, როცა ადიდებული მდინარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს რეცხავს. თუმცა ასეთ მონაკვეთებში ჯებირები არ ეწყობა.

 

„ჩვენ სავარგულების ჯებირებს ვერ გავაკეთებთ. ეს გარემოს დაცვას ეკუთვნის. თუ გზას ან ხიდს ეხება, მაშინ ვერთვებით. მაგალითად, სიმონეთის ხიდი რომ წაიღო წყალმა, ორ-სამ დღეში აღვადგინეთ დროებითი ხიდი და ახლა პროექტს ვაკეთებთ ახალი ხიდის მშენებლობაზე. ნაპირსამაგრ სამუშაოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკეთებთ, თუკი ხელისუფლება დაგვავალებს,“ –  ამბობს სერგო დუმბაძე და მაგალითად მდინარე ბარცხანის კალაპოტში მთელს სიგრძეზე აშენებული ჯებირი მოჰყავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: