მთავარი,სიახლეები

,,ოუკ ჰილი“ ბათუმშია

17.03.2018
,,ოუკ ჰილი“ ბათუმშია

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი  USS Oak Hill (LSD 51] რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმს საპორტო ვიზიტით ესტუმრა.  ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად.

აშშ-ის საზღვაო ხომალდი ,,ოუკ ჰილი“ ბათუმშია

ადგილობრივი წარმომადგენლების ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართება ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის. აგრეთვე ჩატარდება რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. „ოუკ ჰილის“ საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

Oak Hill– ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve–ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში.

აშშ-ს ფლოტი რეგულარულად მუშაობს შავი ზღვის სივრცეში, რაც თანხვედრაში მოდის მონტრეს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან. ამერიკის მე-6 ფლოტი, რომლის სამმართველოც ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, რათა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და აფრიკაში. ამერიკის ხომალდის ,,ოუკ ჰილის“ მეთაურია ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის.

აშშ-ს მე-6 ფლოტის ხომალდის კაპიტანი ფილიპ ნაითი და ხომალდის ხელმძღვანელი პირები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას სტუმრობდნენ. სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. ზურაბ პატარაძე ამერიკელ სამხედროებს აჭარის მზარდ ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრა და რეგიონში მიმდინარე მსხვილი პროექტებისა და საერთაშორისო დონის ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მისი თქმით, ნატოს ეგიდით სამხედრო ხომალდების რეგულარული საპორტო ვიზიტები არის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: