მთავარი,სიახლეები

„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს

09.03.2018
„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს

„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს. შტატგარეშედ დარჩენილ ზოგიერთ თანამშრომელთან ადმინისტრაცია შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილთან კი მოგვიწევს დამშვიდობება“, – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“.

რეორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ თვეზე მეტია თანამშრომლები მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობენ. ახალი სტრუქტურისა და შტატების დამტკიცებისთვის საჭირო იყო ბულვარის ახალი დებულების დამტკიცება. დებულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელი 5 მარტს მოაწერა. ახალი დებულება 6 მარტიდან ამოქმედდა.

„დღეს ან მაქსიმუმ ორშაბათს, საშტატო ნუსხა დამტკიცდება. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც თავის დროზე კონკურსი აქვთ გავლილი, დარჩებიან სამსახურში, ნაწილთან, მათ შორის თანამდებობის პირებთან, გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება და მუშაობას შტატგარეშედ გააგრძელებენ. დეტალები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ზუსტდება“, – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ იურისტმა, თამარ თავართქილაძემ.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ სსიპ-ის მეშვეობით მართავს აჭარის მთავრობა ბათუმის ძველ და ახალ ბულვარს. ძველი ბულვარის ტერიტორია აჭარის მთავრობას ამ ქონების მართვის უფლებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა. ქონების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი ამ ეტაპისთვის არ განიხილება.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის დაწყებამდე [2018 წლის პირველი თებერვალი], ბულვარში ხელშეკრულებით 80 ადამიანი [ძირითადად, მუშები] იყო დასაქმებული, შტატში კი – 65. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კი შტატში 35-40 ადამიანი შეიძლება დარჩეს.

ახალი დებულებით, „ბათუმის ბულვარში“ 8-ის ნაცვლად რჩება 4 სამსახური: ადმინისტრაციული სამსახური; იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახური; ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: