მთავარი,სიახლეები

ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

04.03.2018
ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ექვსი ექიმი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს ექიმს, ვინც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრა, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯა, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდა.

„სამინისტრო ბოროტად იყენებს შესაძლებლობას და ნორმის მოქმედებას ავრცელებს იმ პირებზეც, რომლებმაც ლეგიტიმური მოლოდინის არსებობის გამო [ვინაიდან 26 წლის განმავლობაში, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის მანძილზე, მსგავსი რეზიდენტურის შედეგები უპრობლემოდ იყო აღიარებული], უკვე გაიარა რეზიდენტურა სხვა სახელმწიფოებში, ან ჩააბარა ასეთ პროგრამაში ამ ბრძანების ამოქმედებამდე,“ – ნათქვამია კონსტიტუციურ სარჩელში.

საექიმო საქმიანობისთვის სავალდებულოა სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. ამ გამოცდამდე ექიმმა საექიმო სპეციალობის მოწმობა უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ უსამართლოდ მოუწევთ ათასობით ლარის დახარჯვა და დამატებით რამდენიმე წლით სწავლა.

„იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების გარდა, ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით,“ – წერია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებაში. ბრძანების ამ ნაწილის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვენ ექიმები.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, თვითნებურად ხდება არათანაბარი პირობების შექმნა და უთანასწორო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება,“ – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი ჯერ არ განუხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: