კვირის ამბები

არჩევანი (არ) არსებობს

22.10.2013
არჩევანი (არ) არსებობს

 

 

არადა, დილით ტაქსის მძღოლი მესაუბრა. დაბნეული იყო, – იმდენ კანდიდატს მოუყრია თავი, აღარ ვიცი, ვის მივცე ხმა, რას მირჩევთო. ვკითხე, პროგრამებს ეცნობით-მეთქი? ირონიით მიპასუხა: –  ჟურნალისტებისა და ექსპერტების საქმეა პროგრამები, თავს იქცევთო. სანამ ვკითხავდი, ყველა რეიტინგულ კანდიდატს „ძველი ცოდვები“ „გაუხსენა“. მარგველაშვილი, ანუ ვისაც ნაკლები პოლიტიკური გამოცდილება აქვს, პრემიერს დაუქვემდებარა, – ბიძინა პოლიტიკიდან მიდის თუ არა, ვეღარ გავიგე და მაგის გარეშე მარგველაშვილი რა პოლიტიკოსი იქნებაო. პოლიტიკური წარსული კარგად ახსოვდა, მაგრამ არ გამორიცხა არჩევანი ისევ „წარსულიანზე“ შეაჩეროს. იმის მიუხედავად, რომ ახსოვს და აწუხებს: 7 ნოემბერი, დაკარგული ტერიტორიები, 26 მაისი… „პოლიტიკა ბინძურია და აბა, როგორ გინდათ, ვინმემ ხომ უნდა გვიშველოს?“ – მკითხა ბოლოს. ვიცოდი, სერიოზულად არ მიიღებდა, მაგრამ მაინც გავუმეორე, რომ ხელისუფლებაში „მშველელი“ კი არა, „დაქირავებული“ უნდა იყოს, ვინც პროგრამას წარმოგვიდგენს და მერე დაპირებების შესრულებასაც მოვთხოვთ-მეთქი. მივხვდი, არ მისმენდა, რაღაც საპროგრამო სიტყვასავით ვთქვი, ალბათ, და იმიტომ.

 

 

ჩვენ ხომ პროგრამები არ გვიყვარს.

 

 

გვირჩევნია  ვთქვათ: „პოლიტიკა ბინძურია“ და რა გასაკვირია, რომ ასეთი იყო წარსული? მთავარია, ახლა მაგრძნობინო, რომ არჩევანის უფლება მაქვს.

 

ტაქსის მძღოლს ვუთხარი, რომ საღამოს, გადაცემაში გავიხსენებდით კანდიდატების წარსულს.

 

გავიხსენეთ. პასუხებისგან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ნინო ბურჯანაძის „ბეგრაუნდის“ სუსტი მხარე „აუცილებლობამ განაპირობა“, დავით ბაქრაძე საქმეს აკეთებდა და „ვინც საქმეს აკეთებს, ის შეცდომებსაც უშვებს“, ხოლო გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება პოლიტიკური გამოცდილება, რადგან ის GIPA-ს რექტორი იყო და მხოლოდ სიმბოლურად იქნება პრეზიდენტი.

 

„მნიშვნელოვანი არჩევანი გველოდება: ვნახოთ, ამომრჩეველი ტრადიციულ საზოგადოებას დაუჭერს მხარს, თუ სამოქალაქო საზოგადოებას, ანუ ნინო ბურჯანაძეს, თუ გიორგი მარგველაშვილს“ – ეს ჟურნალისტმა ია ანთაძემ გვითხრა გადაცემაში.

 

მისი აზრით, არჩევანი არსებობს. 

 

არსებობს თუ არ არსებობს არჩევანი? – კითხვაზე პასუხი არც ახლა მაქვს. უბრალოდ, ვიცი, რომ არჩევანის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. აი, სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე კი, როგორც თავად გვითხრა, საარჩევნო ბიულეტენს ალბათ „ჰამლეტის ქნარის“ უკანასკნელ სტრიქონს მიაჯღაბნის: „ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის“.   

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: