მთავარი,სიახლეები

კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

08.09.2015
კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

ლანჩხუთში არსებული „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია იმ დროს იხსენებს, როცა პირველად აღმოაჩინა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. „ეს იყო 6 წლის წინ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკი“, – ამბობს მზია.

მზიამ ამ დღიდან დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის და ის მიღწეული შედეგით ამაყობს: „სრულიად შემთხვევით ჩავიტარე მამოგრაფია და აღმომაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე სტადიაში. ცხადია, დავიწყე კვლევა, თუ სად იყო ჩემი სიმსივნე გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ ლიმფურ კვანძებს იქეთ არ იყო წასული. მარჯვენა მკერდზე კეთილთვისებიანი ფიბრო-ადენომა მქონდა, მეორე მხარეს ავთვისებიანი – მარცხენა მკერდზე ლინფური კვანძები ყველა ამოჭრილი მაქვს.  21-ე დღეს დავიწყე ქიმიო-თერაპია, ასევე სხვიური თერაპიაც. 28-ე დღეს საშვილოსნოზე  გავიკეთე ოპერაცია, ყოველ სამ თვეში ვიკეთებდი კონტროლს და დღესაც ვარ ჰორმონალურ თერაპიაზე. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩემთვის განაჩენია, პირიქით, უფალმა მომცა  ძალა, რომ არამარტო ჩემი თავისთვის მებრძოლა, არამედ სხვებისთვისაც“.

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები ბათუმში, მარათონის შემდგომ

მზია კვირკველიას თქმით, მის ორგანიზაციაში ახლა 40-მდე ქალია გაწევრიანებული, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ლანჩხუთში 3 ათასამდე ქალი გამოიკვლიეს: „მათგან 48-ს პირველი სტადია გამოუვლინდა, იყო ბევრი მეორე სტადია, 12 იყო მესამე სტადია. სამწუხაროდ, რამდენიმე იყო მეოთხე სტადიაც. კეთილთვისებიანი ფიბროადენომა კი 120-ზე მეტი იყო.“

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველა ქალს „40-დან 70 წლამდე მკერდის მამოლოგია-მამოგრაფია გაიკეთონ, ხოლო 25-დან 60 წლამდე საშვილოსნოს ყელის კვლევები“. გამოკვლევები პაციენტებისთვის უფასოა.

„დროული დიაგნოსტისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება – ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში იკურნება“, – ამბობს მზია კვირკველია.

მისი აზრით, ასევე აუცილებელია იმ ქალებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხებაზე. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ფიქრობს მზია და დასძენს, რომ თუნდაც დღევანდელ მარათონში დამსწრე საზოგადოების რაოდენობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია.

კვირეული ბათუმში ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ ორგანიზებით, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ონკოლოგიის ცენტრის და ბათუმის  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით“.

გუშინ იმავე თემაზე სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: