კვირის ამბები

მავნებელი მწერი ქობულეთის სიმინდის ყანებში

29.07.2013 • 3515
მავნებელი მწერი  ქობულეთის სიმინდის ყანებში

 

 

მავნებელი მწერისგან დაზიანებული სიმინდი
მავნებელი მწერისგან დაზიანებული სიმინდი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში მცხოვრებ სულიკო ნიჟარაძეს სიმინდი სოფელ ოჩხამურში, 4500 მეტრზე აქვს გაშენებული. სულიკოს და სხვა ალამბრელ ფერმერებს ოჩხამურში, 160 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სიმინდი მოჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ სიმინდის ყანებს მდელოს ფარვანა ორი კვირაა ანადგურებს. სულიკო ნიჟარაძე ამბობს, რომ დახმარებისთვის სოფლის რწმუნებულს მიმართეს, სოფლის რწმუნებულმა შესაბამის სამსახურს აცნობა, მაგრამ უშედეგოდ.

 

 

„მწერი სიმინდის ყანებს მაისურად მოედო, ათეულობით ნაკვეთიდან სასიმინდე ყანა მხოლოდ 10 ოჯახს აქვს შეწამლული, დახმარებისთვის ხელისუფლებას მივმართეთ და შედეგი არ არის, ამბობენ ხელით უნდა შეწამლოთო, ხელის აპარატით როგორ უნდა შეწამლო? ეს რომ იყოს 1000 მეტრი – კი, მაგრამ 160 ჰექტარს როგორ შეწამლავ?! მცენარეს ფოთოლი აღარ შერჩა, თუ დროზე არ შეიწამლა, მოსავლის გარეშე დავრჩებით“ – ამბობს სულიკო ნიჟარაძე.

 

 

სოფელ ალამბრის რწმუნებული ვაჟა ნოღაიდელი ამბობს, რომ სავარგულები ერთდროულად უნდა შეიწამლოს, ერთი-ორი ნაკვეთის შეწამვლა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან მწერი სწრაფად მრავლდება და ერთი მცენარიდან მეორეზე გადადის.

 

 

„ორი კვირაა რაც მწერები გაჩნდნენ სიმინდის ყანებში. ხმა მივაწვდინე გამგეობას, 3-4 დღის წინ მოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. სოფლის მოსახლეობა ჩვენი ძალებით ვწამლავთ, მე ჩემი ნაკვეთი შევწამლე ქიმიური პრეპარატით. სანამ მწერი ნაყოფთან მივა და გაანადგურებს, მანამდე უნდა შეიწამლოს, თუ ერთმა დაწამლა და მეორემ არა  –  ამას აზრი არ აქვს, მწერი მრავლდება და გადადის სხვა ნაკვეთებზეც“ –  ამბობს ვაჟა ნოღაიდელი.

 

 

ქობულეთის აგროცენტრის უფროსი მანუჩარ ნიჟარაძე ამბობს, რომ მდელოს ფარვანა სწრაფად მრავლდება და მას მცენარის სრული განადგურება ორ კვირაში შეუძლია. იგი აქვე დასძენს, რომ მინდვრის ფარვანა ისეთი მასშტაბურობით გავრცელებული, როგორც დღეს არის, ბოლო 15 წლის მანძილზე არ ყოფილა.

 

 

„მწერი ძირითადად მდინარე ოჩხამურსა და აჭყვის აუზების საყანე ფართობებში არის გავრცელებულია, მოიცავს სოფლებს: ალამბარს, ხუცუბანს, მუხაესტატეს, ქაქუთს, გვარასა და დაბა ოჩხამურის მიმდებარე ტერიტორიებს, დაახლოებით 400 ჰექტარს. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარია, მდელოს ფარვანა საშიში და სწრაფად მრავლებადი მწერია, მისი აქტიური მოქმედების ვადა 12 დღეა, 12 დღის შემდეგ იჭუპრებს, ერთი პეპელა დღეში 600-მდე კვერცხს დებს. დაწამვლა მაშინ უნდა მოხდეს, როცა მატლის სტადიაშია. აღნიშნული მწერი ყოველთვის იყო გავრცელებული, მაგრამ იმ რაოდენობისა, რაც დღეს არის, ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა, უამინდობამ ნაწილობრივ შეაფერხა გამრავლების პროცესი“ –  ამბობს მანუჩარ ნიჟარაძე.

 

 

აგროცენტრის უფროსის განცხადებით მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო პროგრამა შემუშავებული არ არის, იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ამის საჭიროება არ ყოფილა. იგი ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს: 

 

„მავნებლის განადგურება შესაძლებელია ქიმიური პრეპარატებით, მდელოს ფარვანას გასანადგურებლად ქიმიური პრეპარატებიდან გამოიყენება: კარატე, ვალსამბა, ფროკვეინი, კარატე ზეონი, ბი58, სუპერდექტამეტრინი… მავნებელი ცუდად დამუშავებულ მიწას უფრო მოერია, მის წინააღმდეგ შესაძლებელია გატარდეს აგროტექნიკური ღონისძიებები, სწორი თესლბრუნვა, სიმინდის დათესვისას ვადების დაცვა ხელს უშლის მის გამრავლებას, თავის დროზე უნდა გაიწმინდოს და დაიწვას სიმინდის ღერო, ჩალა და ისე დაითესოს, რადგან მწერი ჩალაში იზამთრებს და გაზაფხულზე თუ არ მოხდა მისი სრული განადგურება, გამრავლებას იწყებს“  – ამბობს მანუჩარ ნიჟარაძე.

 

 

ქობულეთის გამგებლის მოადგილის მირანდა წეროძის განცხადებით აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გამგეობამ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდა. იგი დასძენს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიების გატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„მოსახლეობას რაიმე სახის დახმარება რომ გავუწიოთ, ადგილობრივ ბიუჯეტში საჭირო თანხა არ გაგვაჩნია, გარდა რეკომენდაციებისა, შეტყობინება მივიღეთ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომ მინდვრის ფარვანასთან დაკავშირებით ღონისძიებები განხორციელდება, მოსახლეობას დაურიგდება პრეპარატები, მოხდება დაწამვლა, მინდვრის ფარვანას გასანადგურებელი პრევენცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მას სახელმწიფო დააფინანსებს“ –  ამბობს  მირანდა წეროძე.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: