სპორტი

„ჩელემ“ ნავსი გატეხა – ჯორბენაძე ბომბარდირია

03.10.2012 • 1478
„ჩელემ“ ნავსი გატეხა – ჯორბენაძე ბომბარდირია

მიხეილ ჯორბენაძე: ბათუმის „დინამოს“ აღზრდილი ვარ. თავდაპირველად ჯუმბერ მენაბდესთან ვვარჯიშობდი, შემდეგ „არდაგანზე“, რეზო დარახველიძესთან. 2009 წლის თებერვალში „დინამოსთან“ ოფიციალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და მას შემდეგ კლუბის წევრი ვარ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არსადაც არ წავსულვარ.

 

 

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დინამო წელს დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა სტარტი საკმაოდ სუსტი გქონდათ, რვა ოფიციალურ შეხვედრაში (ჩემპიონატის და თასის თამაშები) მხოლოდ ორ გამარჯვებას და ორ ფრეს მიაღწიეთ. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი ცუდი დასაწყისი?

 

– ახალგაზრდა გუნდი ვართ, შეთამაშება გვაკლია, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირველი ოთხი შეხვედრა ჩემპიონატის ფავორიტ გუნდებთან გავმართეთ და ისიც სტუმრად. ყველაფერმა ამან უარყოფითად იმოქმედა ჩვენზე და შედეგიც სახეზეა, მაგრამ თასზე მოპოვებულმა პირველმა გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნა და აგერ უკვე მეორე მატჩიც მოვიგეთ. აქვე გეტყვით, რომ შინაური გარემო და გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. თორემ ძნელია ისეთ დროს თამაში, როდესაც მატჩს საშინაო ჰქვია და ხან ფოთში ვმასპინძლობდით მეტოქეს და ხანაც – ზესტაფონში. ახლა კი, ქობულეთის სტადიონზე ვითამაშებთ, ეს კი დამატებითი სტიმული იქნება გუნდისთვის.

 

 

გუშინდელი მატჩის პერიპეტიებზე გკითხავთ (ინტერვიუ ჩაწერილია დინამომერანის მატჩის მეორე დღეს), მიუხედავად იმისა, რომ მერანი არ არის რთული მეტოქე, სამი გოლი გაუტანე, რაც უდავოდ აღნიშვნის ღირსია

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო თანაგუნდელების გარჯა. მართალია, სამი გოლი გავიტანე, მაგრამ თამაშს გუნდი იგებს და არა ცალკეული ფეხბურთელი.

 

 

ერთი გოლი მანამდეც გქონდა გატანილი, სამი ახლა მიუმატე და ოთხი გოლით ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე ხარ, შენ მერე არიან ჯაბა დვალი და ჩისკო (ორივე დინამო თბილისი). როგორ ფიქრობ, შეძლებ მათთვის კონკურენციის გაწევას?

 

 

– ჯაბაც და ჩისკოც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან და დარწმუნებული ვარ, არაერთ გოლს გაიტანენ. თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა მევალება, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ბომბარდირობისთვის ჯერ მზად არ ვარ. ძალიან ძნელია ეს, ისინი და სხვებიც ჩემზე გამოცდილები არიან. ასე რომ, ვნახოთ.

 

 

სანამ ბათუმს მისი სტადიონი ექნება, ქობულეთში, ჩელეარენაზე გამართავთ შეხვედრებს, იქ მოედანი ხელოვნურსაფარიანია, არ გაგიჭირდათ თამაში?

 

 

– როგორ არა, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ჩვენ მეტოქესთან შედარებით ის მცირედი უპირატესობა გვქონდა, რომ რამდენიმე ვარჯიშის გამართვა მაინც მოვასწარით და ასე თუ ისე, შევეგუეთ. 

 

 

თანაგუნდელებს აქებ, ვის უგებ მოედანზე ყველაზე მეტად?

– როგორც თავდამსხმელი, ალექსანდრე ბაციკაძეს, ისიც ფორვარდია და კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ნახევარმცველებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ამირან მუჯირს. მისი კლასი და გამოცდილება ძალიან გვეხმარება ყველას.

 

 

უკრაინელი ტიმჩიშინიც შენი ამპლუას ფეხბურთელია. მას როგორ დაახასიათებ?

 

 

– სწრაფი ფეხბურთელია, სტაბილურად თამაშობს, მაგრამ გოლი ჯერ არა აქვს გატანილი. იმედია არ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ საშუალო დონის ფორვარდია, თუმცა „დინამოსთვის“ სარგებლის მოტანა შეუძლია. გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება, თუ მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა.

 

 

ჩემპიონატის დაწყებისას მწვრთნელმა რა დაგისახა მიზნად?

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გია გურული ძალიან კარგი მწვრთნელია, მომთხოვნი და სამართლიანი. ყოველთვის საბრძოლოდ განგვაწყობს ბიჭებს. წელს ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მომდევნო სეზონში შეიძლება ექვსეულზეც ვიფიქროთ. 2-3 წელიწადში კი დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობისთვის თუ არა, საპრიზო ადგილებისა და ევროსაგზურისთვის შევძლებთ ბრძოლას.

 

მიხეილ ჯორბენაძე კვლავაც ინარჩუნებს ბომბარდირობას. მორიგი გოლი მან ფოთის „კოლხეთს“ გაუტანა. მატჩი „დინამომ“ 3:1 მოიგო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: