სიახლეები

ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ციხეში ვერ შედის

04.02.2015 • 1414
ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ციხეში ვერ შედის

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

ქალბატონო მედეა, რამდენად ხშირად ახერხებთ ციხეში შესვლას?

 

დეკემბრის შემდეგ არ შევსულვარ. შესაბამის ნებართვას სამინისტრო ერთი წლით გასცემს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე. წლის ბოლოს მხედველობიდან გამეპარა ვადის გასვლის საკითხი. იანვარში, პირველივე სამუშაო დღეს მივმართეთ სამინისტროს. თუ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს ნებართვას გასცემდნენ 15 დღეში, ამჯერად ერთი თვე გავიდა და სამინისტრო პასუხს არ იძლევა, მათ შორის სატელეფონო ზარებზეც კი. მე ამას ვუკავშირებ იმას, რომ რაღაცას ფიქრობენ ჩემ მიმართ, არ ვიცი გამოსავალს რაში იპოვიან, მაგრამ მგონია, რომ ეს დაკავშირებულია ჩემს იმ მძიმე შთაბეჭდილებებთან, რაც მე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გავუზიარე საზოგადოებას თვენახევრის წინ. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ არ მომცემია საშუალება იქ შევსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წერილი მომივიდა მსჯავრდებულისგან. 

 

ხომ არ აპირებთ მიმართოთ ვინმეს, რომ ნებართვის პრობლემა მოგვარდეს?

 

 ვთხოვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომ დაერეკა მინისტრთან და დღეისთვის, ალბათ, უკვე მექნება გარკვეული პასუხი. 

 

 რედაქციამ გასულ კვირასაც მიიღო წერილი ოთხი პატიმრისგან, ისინი გაუსაძლის პირობებზე წერენ. ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უკმაყოფილო პატიმარი ყოველთვის მოიძებნება. როგორია სინამდვილე?

 

 პატიმრები უმეტეს შემთხვევაში უჩივიან ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს მოგონილი და ასევე რეალურიც. გარეთ მყოფ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და რასაკვირველია, იქ უფრო მეტი პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს მედიცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე ვენტილაციის უქონლობასა და უვარგის საჭმელზე საუბრობენ. რაც შეეხება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და მსგავს ქმედებებს, ამ ყველაფერში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზი, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ პატიმარი რასაც ამბობს, არის რეალური, რამდენადაც სრულიად იზოლირებულ კონტინგენტს ვხვდები და მათი პრობლემები არის იდენტური.

 

 პატიმრები ამბობენ, რომ სიტუაციის დამძიმება ახალ ხელმძღვანელს უკავშირდება. ეს სიმართლეა? 

 

 ყოფილ უფროსთან დაკავშირებით –  მას შემდეგ, რაც საჯარო განცხადება გავაკეთე ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ, მორიგ გასვლაზე პატიმრები უკვე გამოთქვამდნენ კმაყოფილებას. ამბობდნენ, რომ აშკარად შეიცვალა რეჟიმი, აღარ არის უხეში მოპყრობა. მაგრამ ამის შემდეგ მე რეალობას მოწყვეტილი ვარ. თუკი საკუთარი თვალით არ ვნახე, ვერაფერს ვიტყვი. მინდა, უახლოეს დღეებში მივიღო ნებართვა.

 

 თქვენ გქონდათ ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრის საშუალება?

 

 ახალ ხელმძღვანელს არ შევხვედრივარ, შეიძლება იქ ავიდე და ხელმძღვანელობა არ შემხვდეს, რადგან პირველივე შესასვლელში საჭიროა ის ნებართვა, რომლის მიღების მოლოდინშიც ვარ. ამიტომ მივიდე და არ მიმიღონ, ასეთ უხერხულობაში თავს ვერ ჩავაყენებ. 

 

ერთ-ერთი პატიმარი წერდა, რომ მას თუ რამე მოუვა, ამაში იქნება ადმინისტრაციის წვლილი…

 

თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი ისეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ არის, რომ მას ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და ასეთ დროს მასთან შესვლა თუნდაც იმისთვის, რომ მას ეს განწყობა მოუხსნა, ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთხელ შაბათს ავედი ციხეში და ძალიან კმაყოფილები შემხვდნენ, არ ვიცოდით, შაბათ-კვირას თუ გქონდათ შემოსვლის უფლება და ამ დღეებში საშინელი შიში გვქონდაო. ყველას განვუმარტე, რომ გვაქვს შაბათ-კვირასც შესვლის უფლება.

 

გამოდის, ადმინისტრაციასთან მარტო დარჩენის ეშინიათ?

 

დიახ, ასე გამოდის. წარმოიდგინეთ, როცა ამას პატიმარი წერს, ის ამას მოჭარბებული რისკის ფასად წერს და ატანს ადმინისტრაციას. მეც ვცდილობ წერილების ყველა ავტორს შევხვდე. პატიმარი ძალიან შეწუხებული თუ არ არის, ის ამ ხასიათის განცხადებებს არ დაწერს. თავისუფლაბააღკვეთილ ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადრესატი არის ადმინისტრაცია.

 

როდესაც პატიმრები წერილებში ადანაშაულებენ ადმინისტრაციას და იგივე ადმინისტრაცია ხელს უწყობს, რომ წერილები მოვიდეს ჩვენამდე, ეს კითხვებს არ აჩენს?

 

ორი პასუხია, პირველი ის, რომ პატიმრის განცხადების კონტროლსა და მისი აღრიცხვის წესს კანონი სხვანაირად არეგულირებს, წერილს ვერ გადამალავ. თავად ის ფაქტი, რომ ამ შინაარსის წერილები გამოდის გარეთ, ამაზე ხშირად მიუთითებს ადმინისტრაციაც. მათი თქმით, ეს რეალური რომ იყოს, ექნებოდათ მცდელობა წერილი ჩემამდე არ მოსულიყო. ისინი ამ ფაქტს სათავისოდ იყენებენ. ვფიქრობ, აქ სხვა ფაქტორი უფროა, ანუ ის, რომ განცხადებას ვერ გადამალავ. წერილს ნომერი ენიჭება და პატიმრებმა ისწავლეს, რომ ამას შემდეგ აკონტროლებენ.

 

 მინდა გკითხოთ ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტზე, თქვენი აზრით, ერევა ეს ინსტიტუტი მე-3 დაწესებულების მართვაში?

 

 კრიმინალურ სამყაროში, გარეთ იქნება ეს თუ ციხეში, ამის მცდელობას ადგილი ექნება ყოველთვის. მაგრამ მაინც მგონია, რომ რეჟიმი დღეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაყურებლის ინსტიტუტი დაბრუნდეს. მე ბათუმზე ვარ ინფორმირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: