მთავარი,სიახლეები

აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

17.08.2017 • 2184
აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

16 აგვისტოს ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს. „ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა, ვისი სხეულის 90 პროცენტი დამწვარია, ისევ კრიტიკულია,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი.

მინისტრი განმარტავს, რომ დამწვრობის ეროვნულ ცენტრთან  კონსულტაცია გაიარეს და მიიღეს რჩევა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის თბილისში გადაყვანა არ შეიძლება. პაციენტი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. „მკურნალობა არის სტანდარტული და იგი მიმდინარეობს დამწვრობის ცენტრის მუდმივი კონსულტირების პირობებში. რაც შეეხება გადაყვანას, ამ რისკის გაწევა არ ღირდა, რადგან მხოლოდ ტერფებია დამწვრობას გადარჩენილი“, – დასძენს ზაალ მიქელაძე.

ხანძრის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, რადგან მას სხეულის დაახლოებით 30 პროცენტი აქვს დამწვარი. „ამ შემთხვევაში გვაქვს პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა და დიდი შანსია კანის აღდგენის,“ – გვითხრა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

ხანძრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, თუმცა მესამე დაშავებულის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრი ვარაუდობს, რომ, სავარაუდოდ, დაშავებულებს შორის იგულისხმებოდა მეხანძრეც, რომელმაც დიდი ოდენობით კვამლი ჩაყლაპა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება.

ამავე თემაზე:

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: