მთავარი,სიახლეები

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

16.08.2017 • 3948
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

„არ უნდა გამოევლინა მერიას არაფერი,“ – კატეგორიულად უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ შეკითხვას მერიის პასუხისმგებლობის შესახებ, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაიწვა ექვსი საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანები.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა თქვა ისიც, რომ გაზგასამართი სადგური იყო „კუსტარული და უნებართვო“, თუმცა მერი ვერ ხედავს მერიის პასუხისმგებლობას, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური დაახლოებით სამი წელი მუშაობდა უნებართვოდ. მერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე, როგორც განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ობიექტზე, ნებართვას „სხვა კომპეტენტური უწყება“ გასცემს. ეს „კომპეტენტური უწყება“ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურია, ხოლო „მერიის ზედამხედველობამ უნდა გამოავლინოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობა“. გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ გაზგასამართი სადგური, რომელიც ასევე ხანძრის შედეგად დაიწვა, შენობა-ნაგებობას არ წარმოადგენდა.

„პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ბათუმის თვითმმართველობას, მას უნდა მოეხდინა რეაგირება უკანონო გაზგასამართ სადგურზე,“ – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ შესაძლოა, ნებართვის გამცემი ორგანო მერია არ იყო, მაგრამ „ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში პირდაპირ წერია საფრთხის შემცველ ობიექტებზე ზედამხედველობა. მერიას მინიმუმ უნდა მოეძიებინა და ინფორმაცია მიეწოდებინა შესაბამისი უწყებებისთვის,“ – დასძენს გიორგი ხიმშიაშვილი. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა სახელმწიფო უწყებებსაც, ვისაც კანონით ევალებოდა ზედამხედველობის განხორციელება.

კანონით, განსაკუთრებული რისკის შემცველ ობიექტებზე შესაბამის ლიცენზიას ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, ნებართვის გაცემის დროს მნიშვნელოვანია გაზგასამართი სადგურის რეზერვუარის სიდიდე. მცირე სადგურების შემთხვევაში ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობაც გასცემს.

ნახანძრალზე დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც გამოჩნდა. „კონტროლი არის, უკაცრავად, შეუსაბამო“, – უთხრა „ბათუმელებს“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თემურ ახვლედიანმა.  „კუსტარულ და უნებართვო გაზგასამართ სადგურზე“ პასუხისმგებლობა არც მან აიღო და ისიც დასძინა, რომ შესაძლოა, ასეთი სადგურები ქალაქში სხვაგანაც არსებობდეს.

„გამორიცხული არ არის, შეიძლება არსებობდეს ასეთი ობიექტები… ზედამხედველობას ახორციელებს და ინსპექტირებას შესაბამისი ორგანოები, უნდა მიმართონ მფლობელებმა და ახლობლებმა და წარმოადგინონ უსაფრთხოების სერტიფიკატი, მანამდე უნდა გაიარონ ეტაპები, რაც მათ გამართულობას დაადასტურებს და ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობას. ასე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლში გახსნას რაღაც, ღვინის ცისტერნაში ჩაასხას გაზი და გაზარდოს წნევა… მიმდინარეობს მოკვლევა ჩვენგან ადმინისტრაციული წესით,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან თემურ ახვლედიანმა.

ხანძრის შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

mexanzre

 

dazaralebulebi

naxanzrali

მანანა ქველიაშვილის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: