მთავარი,სიახლეები

„გზა დაუთმე ქვეითს“ – აქცია-პერფორმანსი ბათუმში

11.08.2017 • 2068
„გზა დაუთმე ქვეითს“ – აქცია-პერფორმანსი ბათუმში

შსს-ს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

„ზებრა-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე ზებრა-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა- გადასასვლელს“ ასახავდა.

აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვა. აქციას ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, ასევე, გამვლელები შემოუერთდნენ და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამა მოიცავს სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ამავე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, დაინერგა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანისა და საგზაო უსაფრთხოების წესები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: