კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე

31.07.2017 • 3525
„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე

ახლახან ბათუმში აჭარის მოდის კვირეული (AFW) ჩატარდა, სადაც პირველად, სამი წლის მანძილზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სადიპლომო და სამაგისტრო ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. AFW-ს ქართველი და უცხოელი დიზაინერების გარდა მოდის კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

ექვსმა ბაკალავრმა (რვიდან) და ორმა მაგისტრანტმა AFW-ზე, სულ 22 ხელნაკეთი “ლუქი” წარადგინა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი პრაქტიკული ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადია. ტანსაცმელზე სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, იდეებზე კი ბევრად უფრო ადრე დაიწყეს ფიქრი.

ზოგიერთმა ბაკალავრმა მოდის კვირეულზე ავანგარდი წარადგინა, ზოგიერთმა საღამოს ტანსაცმელი შესთავაზა მაყურებელს, წარდგენილი ტანსაცმლის უმეტესობა კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩასაცმელია.

აჭარის მოდის კვირეულზე ტანსაცმლის დიზაინის კურსდამთავრებულების ნამუშევრების გატანას მაგისტრანტი გერონტი სარდანაშვილი კურირებდა, რომელიც ამბობს, რომ სადიპლომო და სამაგისტრო ნამუშევრებს ერთიანი კონცეფცია არ ჰქონია, რადგან თავიდან არავინ იცოდა, რომ ამ ყველაფერს აჩვენებდნენ.

ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნათია ბერიძის თემა იყო “რეზერვაცია ქალაქში”. „ნაციონალური მოტივებისა და ქალაქური მოდერნული ფორმების გამოყენებით ის შეეცადა ეჩვენებინა პერიფერიიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასული გოგონების ტანსაცმელში განხორციელებული ერთგვარი სიმბიოზი, პერიფერიისა და ქალაქისთვის მახასიათებელი დეტალებისა”, – ამბობს გერონტი სარდანაშვილი.

ქეთი გეგიძის თემა მოსაცმელები იყო. შავ სტანდარტულ კაბებთან, სხვადასხვა კოსტიუმისა და მოსაცმელის საშუალებით, მან AFW-ზე 5 ლუქი წარადგინა.

მადონა ასანიძე ეგვიპტური თემატიკის ორი ლუქით წარსდგა ჩვენებაზე.  ნინო მეგრელაძეს ტანსაცმელში ფუტურიზმის თემა დომინირებდა. “მან საკმაოდ უჩვეულო ფორმების სამოსით, რთული კონსტრუქციებით შექმნა ლუქები, რომლებიც გარკვეულწილად კოსმოსთანაც იყო კავშირში”, – ამბობს გერონტი.

ნინო დავითაიას  კი წყალქვეშა სამყაროს  3 ლუქი ჰქონდა;

ნინო დავითაიას ნამუშევარი

ნანუკა ხალვაში მკვეთრი კოსტიუმებითა და აპლიკაციებით  შეეცადა, ქალისა და კაცის შინაგანი სამყარო ეჩვენებინა.

ნანუკა ხალვაშის ნამუშევარი

მაგისტრებმა – გერონტი სარდანაშვილმა და ნინა მასალკინამ მოდის კვირეულზე კოსმოსის თემაზე შექმნილი 10 ერთობლივი ნამუშევარი  წარადგინეს, სახელწოდებით “ფიქრები კოსმოსზე”. კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისიც, რომ იგი უნისექსია. კოლექციიდან ერთი საწვიმარი უკვე გაიყიდა.

“მე და ნინამ გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა კოლექცია იმიტომ, რომ ჩვენი იდეები და სურვილები ემთხვევა ერთმანეთს. იდეას რაც შეეხება, ერთად განვსაზღვრეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო აქტუალური. იმის გამო, რომ ჩვენთან  ხშირად წვიმს და, უბრალოდ, პოლიეთილენის პარკები არ გვეცვას, შევეცადეთ გამჭვირვალე ელემენტებით,  სხვადასხვა ქსოვილისა და ფენის საშუალებით გაგვეკეთებინა უფრო საინტერესო საწვიმრები. პლუს  სითბო და დაცვა წვიმისგან. ვფიქრობ, ძალიან პრაქტიკული კოლექციაა”, – ამბობს გერონტი.

„ კოსმოსი  თითქოს შორეული თემაა, მაგრამ რეალურად მას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გარემოზე, ჯანმრთელობაზე… ამიტომ შევეცადეთ ისეთი ქსოვილი გამოგვეყენებინა, რომელიც რადიაციისგან დაგიცავს, იქნება თერმოიზოლატორი, ცეცხლგაუმტარი და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ქსოვილი რაც აღმოვაჩინე არის ნასას ქსოვილი – სფეის ბლენქეთი (Space blanket), მას ემერჯენსი ბლანქეთსაც უწოდებენ, რომელიც მულტიფუნქციურია. მას იყენებენ სამხედროებიც, ასევე მოჰყვება პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთსაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია მასზე მუშაობა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ მისი გამოყენება სამოსში, მაგრამ ის ლუქები, რომლებშიც სწორედ ეს მატერია დომინირებს, ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

ჩვენებაზე გატანილი ლუქების ძირითადი მატერია იყო  პოლივინილქლორიდი და ტრადიციული მატერიები, ნაქსოვი და ა.შ.  ვთვლი, რომ როგორც მოდის დიზაინში, ისე ხელოვნების ყველა დარგში, უნდა განიხილებოდეს და ფიგურირებდეს სოციალურ-პოლიტიკური თემები, არსებული პრობლემები. ეს ძალიან კარგი იარაღია პრობლემის საჩვენებლად და ზოგჯერ მოსაგვარებლადაც. მიხარია, რომ ჩვენ არ ვკერავთ უბრლოდ ლამაზ ტანსაცმელს, ჩვენი ტანსაცმლის ქსოვილები და ფორმებიც არის კარგად ჩაფიქრებული და განხორციელებული”, – ამბობს ნინა მასალკინა.

“ფიქრები კოსმოსზე” ნინა მასალკინა/გერონტი სარდანაშვილი

“ფიქრები კოსმოსზე” ნინა მასალკინა/გერონტი სარდანაშვილი

გერონტი ამბობს, რომ მოდის კვირეული მომავალში უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ახალი სახეების წარმოჩენაზე, რადგან ახალბედა დიზაინერებისთვის ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ” სასურველია მომავალ წლებშიც ამაზე ორიენტირდნენ ორგანიზატორები. მით უმეტეს, რომ ამის რესურსი ნამდვილად არის, როგორც ბათუმში, ისე თბილისში.”

მაგისტრები თავიანთი ბრენდის დაფუძნებასაც აპირებენ. ისინი ამ ეტაპზე კიდევ ერთ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც ქლაქში ახალი ატელიე გაიხსნება, სადაც დიდი ან/და არასტანდარტული ზომების მქონე ადამიანებისთვის მოდური ტანსაცმლის მორგებასა და შეკერვაზე იმუშავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: