მთავარი,სიახლეები

სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

19.06.2017 • 1988
სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

სოფელ მარადიდის მოსახლეობა მდინარე ჭოროხზე  ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა სასაფლაოებისთვის გათვალისწინებული ადგილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ რაც მდინარე ჭოროხზე ორი ახალი ჰესი ექსპლუატაციაში შევა დაიტბორება სასაფლაოების ადგილი და 28  სახლი. კომპანიამ მოსახლეობას სასაფლაოებისთვის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა მოსახლეობა ამ ადილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე იმ 28 ოჯახთან კომპენსაციის ოდენობის საკითხის განხილვას, რომელთა სახლებზეც მათ კოპანიისგან აქვთ ინფორმაცია, რომ იტბორება.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ორ კალაპოტური ტიპის ჰესს აშენებს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის კაშხლის მშენებლობის ნებართვა გასცა, წყლით დაიფარება ექვსი სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი. მთლიანობაში კი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 2, 25 კვ/კმ მოექცევა.

დოკუმენტში, რომლითაც თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ და საქართველოს მთავრობა მდინარე ჭოროხზე ჰიდროპროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია, რომ კომპანიამ, საერთო ჯამში, არანაკლებ 167 მილიონ 860 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მემორანდუმში არ არსებობს მუხლი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და კომპენსირების შესახებ, რომლებსაც პროექტი უშუალოდ შეეხება ან მის არეალში ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: