ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების  უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. მას ზურაბ პატარაძემ  ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას  დაგეგმილი სამშენებლო პროექტის სიმაღლის 16,0-მდე გაზრდაზე, ნებართვის გამცემთან, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან  უშუამდგომლა. მერიას ჯერ მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“  ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. შუამდგომლობის წერილში ზურაბ პატარაძე K2-ის გაზრდაზე თანხმობის გადაწყვეტილებას ისევე ასაბუთებს, როგორც მისი წინამორბედი არჩილ ხაბაძე ასაბუთებდა:

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია  ქალაქმშენებლობითი, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც“ – წერს მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერს შუამდგომლობის წერილში.

კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ყოფილმა ჩინოვნიკმა და „ოცნების“ შემწირველმა აკაკი სონგულიამ 2016 წლის ივნისში დააფუძნა.

კომპანიის დაარსებიდან ერთ თვეში კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის მერიას სონგულიასთვის სასურველი მიწის ნაკვეთის მთავრობისთვის გადაცემა მოსთხოვა შემდგომში მისი გასხვისების მიზნით.

მიწის ნაკვეთი სადაც აკაკი სონგულია პარტნიორებთან ერთად სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

მიწის ნაკვეთი სადაც აკაკი სონგულია პარტნიორებთან ერთად სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

საკრებულოს სხდომაზე მაშინ გამოტანილი დოკუმენტის მიხედვით ბათუმის დელფინარიუმთან, „ჰილტონის“ მიმდებარედ, სასტუმროს აშენების იდეაზე წინა მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს წერილობით აცნობა და წინადადების განხილვა სთხოვა.

ინვესტორს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა პირდაპირი წესით, 1 კვ/მ-ის 300 აშშ დოლარად სურდა [ჯამში 3263 კვ/მ] და ძირითად პირობასთან ერთად ის მთავრობას სხვა ვალდებულებების აღებასაც ჰპირდებოდა.

მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით ინვესტორის წინადადების განხილვაზე მოსაზრების დაფიქსირების თხოვნით ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, თავის მხვრივ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა. საპასუხო წერილში ჩანდა, რომ ბათუმის მერი თანახმა იყო იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის მთლიანი ოდენობა – 978 900 ამერიკული დოლარი კომპანიის მიერ  ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.

აკაკი სონგულია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 2008-2011 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო. ამ პერიოდში მას ქონებრივ დეკლარაციაში მნიშვნელოვანი დანაზოგის შესახებ ინფორმაცია არ დაუფიქსირებია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მან  „ქართულ ოცნებას“  20 000 ლარი შეწირა.

 

აკაკი სონგულია

აკაკი სონგულია

რეესტრის მონაცემებით აკაკი სონგულია კიდევ ერთი კომპანიის „სოლუშენს ვესტ“-ის მეწილედ ფიქსირდება, ის ამ კომპანიის 40%-ს ფლობს, კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული. ამ წელს ჩააბარა მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც თანამდებობის პირმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით 2016 წლის ნოემბერში აკაკი სონგულიას გზები ბათუმში კიდევ ერთ მსხვილ კომპანიასთან,  „ალიანსი ჯგუფთან“, იკვეთება. 2016 წლის ნოემბრიდან ის „ალიანსი ჯგუფის“ დირექტორია. ამ კომპანიის 50% -ს ბიზნესმენ გიორგი ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი ფლობს. გიორგი ბიწაძეც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. 2014 წელს მან მმართველ პარტიას 60 000 ლარი შეწირა.

რამდენიმე თვით ადრე 2015 წლის ივნისში კი სონგულიამ საჯარო რეესტრს ორი ცვლილების დასაფიქსირებლად მიმართა. მან კომპანიის, „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთის“  50% წილი გიორგი ბიწაძის შვილს თემურ ბიწაძეს  დაუთმო უსასყიდლოდ და კომპანიის მისამართად მემედ აბაშიძის 48 მიუთითა. რაზეც მან თანხმობა მედეა ბოჭორიშვილისგან მიიღო.

2017 წლის მარტში კომპანიის მონაცემებში ცვლილებები ისევ შევიდა ამჯერად კომპანიაში ბესიკ ჟღენტი და ავთანდილ გორგილაძე გამოჩნდნენ, მათ სონგულიასგან კომპანიის 18-18% წილი შეისყიდეს.

ზურაბ პატარაძის შუამდგომლობის წერილის მიხედვით კომპანიამ აიღო ვალდებულება მოაწყოს არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმრო , საცურაო აუზი და საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და სხვა გასართობი ობიექტები. განახორციელოს არანაკლებ 80 000  000 ლარის ინვესტიცია, ხოლო მშენებლობაზე დაასაქმოს არანაკლებ 1000 ადამიანი. შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი  შექმნას დაახლოებით 450 სამუშაო ადგილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი