მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ

19.05.2017 • 2735
ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ

ბათუმში, ტაოს ქუჩაზე, მოსახლეობა „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. ტაოს ქუჩაზე მცხოვრები რომან ზაქარაძის თქმით, მათი პროტესტის მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელსაც მათ საკუთრებაზე, მათთან შეთანხმების გარეშე გაჰყავს ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხელვაჩაურის პოლიცია.

„მოსული არიან ქსელებიდან და ძალით გაყავთ. თანხაზე მოლაპარაკება არ არის, იხდიან ძალიან ცოტას და პოლიციის ძალით გაჰყავთ. კერძო საკუთრებებში არიან შემოსული. ექსპოპრიაციის წესით ჩამორთმეული არისო. ახლა შეკრებილი ვართ და არ ვუშვებთ. თუ მოლაპარაკება არ მოხდა, ცუდად წავა საქმე, იმიტომ, რომ ამაზე მეტი ჩვენ არაფერი დაგვრჩა, ეს არის ჩვენი ბოლო წვეთი. ტაოს ქუჩაზე 14-მდე ოჯახს ეხება ეს საკითხი“ – ამბობს რომან ზაქარაძე.

„საქართველოს ელექტროსისტემაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ხაზების   გაჭიმვა და კომპანია პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებას აწარმოებას მოსახლეობასთან.

აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

ქსელის მშენებლობას საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელს აჭარაში. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ძირითადად კომპენსაციის თანხაა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ „ელექტროსისტემა“ მათ მცირე თანხას უხდით მიწის დათმობის და გამოყენების შეზღუდვის სანაცვლოდ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ელექტროსისტემას“ აჭარაში 15 მოსახლის კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის წესით [საკუთრების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე] გამოყენების უფლება მისცა.

ამავე თემაზე: 

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: