ნეპოტიზმის ნიშნები შუახევში

შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თეონა ბერიძის ნათესავია.

„რძლის დაა, მაგრამ რა შუაშია ეს, მე საერთოდ უმუშევარი ვიყავი, ეს რომ კულტურის ცენტრის უფროსად მუშაობდა 2010 წლამდე“, – გვითხრა რუსუდან შავაძემ.

კითხვაზე, რა კრიტერიუმით შეირჩა კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი, შუახევის გამგებლის მოადგილემ გვიპასუხა, რომ ამოსავალი მისი წინა გამოცდილება იყო: „ის მანამდეც მუშაობდა ამ ცენტრის ხელმძღვანელად, ძალიან ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი განახორციელა, კარგადაა გარკვეული სტრუქტურაში. ჩვენ გვჭირდებოდა კადრი, რომელიც მაშინვე ალღოს აუღებდა საქმეს…“

„მე საერთოდ „ბათუმელებისგან“ გავიგე, მაკა რომ კულტურის ცენტრის დირექტორად დაინიშნა,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე. ის ადასტურებს, რომ კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მისი ნათესავია.

ამ საკადრო ცვლილებას კანონის პირდაპირ დარღვევად არ აფასებს, თუმცა ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“. ეს ორგანიზაცია უკვე მუშაობს კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ვახტანგ ბერიძის სარჩელზე, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შევა. სასარჩელო მოთხოვნებია: სამსახურში დაბრუნება, განაცდურის ანაზღაურება და გათავისუფლების ბრძანების გაბათილება.

„პრობლემა იყო, ზოგადად, დამოკიდებულება კულტურის მიმართ. საათობით ველოდი შუახევის გამგებლისგან პასუხს. ბოლოს გამგებლის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ მითხრა, ზემოდან არის დავალება, ორი ადამიანი მივლინებით საზღვარგარეთ არ უნდა წავიდესო,“ – გვიყვება ვახტანგ ბერიძე. ის მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად იტალიაში მივლინებას ასახელებს, რაც ეთნომუსიკის პოპულარიზაციას შეეხებოდა და რაზეც გამგებელმა ხელი არ მოუწერა. საბოლოოდ იგი საკუთარი დაფინანსებით წავიდა იტალიაში. გათავისუფლების ბრძანებაში ვახტანგ ბერიძეს ჩაუწერეს, რომ მან თვითნებურად დატოვა სამუშაო ადგილი 5 დღით და იტალიიდან დაბრუნების შემდეგაც ის სამსახურს აცდენდა.

„რუსუდან შავაძემ მითხრა ისიც, რომ ჩემსა და ერთ-ერთ თანამშრომელთან შორის პირადი ფეისბუქმიმოწერები მიუტანეს გამგებელს. არ ვიცი, რას შეეხებოდა ეს მიმოწერა, მაგრამ მითხრეს, გამგებელი ამის გამო ძალიან გაბრაზდაო,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

„აბსურდია, არავითარი ფეისბუქმიმოწერები არ ყოფილა… ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ორი ადამიანის წასვლა იტალიაში ერთი მუნიციპალიტეტიდან და მივიჩნიეთ, რომ ერთი ადამიანის წასვლა საკმარისი იქნებოდა,“ – გვითხრა რუსუდან შავაძემ, შუახევის გამგებლის მოადგილემ კულტურის დარგში.

„გათავისუფლების ბრძანება აჩენს ეჭვს, რომ სამართლებრივი კი არა, სხვა სარჩულის გამო გაათავისუფლეს ვახტანგ ბერიძე,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვახტანგ ბერიძე 2005 წლიდან მუშაობს კულტურის ცენტრში სხვადასხვა თანამდებობაზე და აქამდე ერთხელაც კი არ მიუღია საყვედური. იურისტის შეფასებით, შუახევის გამგეობის მტკიცების ტვირთი იქნება, რამდენად მიზანშეწონილი იყო დირექტორის გათავისუფლება, ანუ ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ ბერიძემ თვითნებურად დატოვა სამსახური მივლინებისთვის.

„თვითნებურად არ მიუტოვებია, რადგან მან ითხოვა მივლინება და პასუხი საერთოდ არ მიუღია გამგეობისგან წერილობით. მეორე თანამშრომელიც მიდიოდა ამ ცენტრიდან, მაგრამ მან ბათუმის მერიისგან მიიღო დაფინანსება. შესაბამისად, გამგეობამ უნდა ამტკიცოს, რამდენად იყო ეს თვითნებურად სამსახურის მიტოვება ვახტანგის მხრიდან, ან რა ზიანი მიადგა ამით კულტურის ცენტრს,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი