საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა.

„დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად.

ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო პოლიტიკას, მაშინ როცა ბევრი კვალიფიციური კადრია დაუსაქმებელი,“ – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

მისი თქმით,  საჯარო სამსახურებში არც კონკურსები ტარდება გამჭვირვალედ, „თუმცა გამგებელმა ამასაც კი აურა გვერდი და ერთპიროვნულად ნიშნავს კადრებს“.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის გამგებელს ნადიმ ვარშანიძეს დაუკავშირდა. გამგებლის თქმით, აპარატის უფროსი კონკურსს არ ექვემდებარება, ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების განყოფილებების უფროსები კი მოვალეობის შემსრულებლებად არიან დანიშნულები.

„2015 წელს ჩვენ ჩავატარეთ ორი კონკურსი, ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი კონკურსით გვყავს აყვანილი, მაგრამ ამის შემდეგ ზოგი წავიდა სამსახურიდან, ზოგი შეიცვალა, რამდენიმე ვაკანსია გვაქვს 4 თუ 5, სადაც მოვალეობის შემსრულებლები არიან, მათ შორისაა ინფრასტრუქტურის სამსახური და შესყიდვების სამსახური. ორი განყოფილების უფროსის ვაკანსია გვაქვს კიდევ ეკონომიკის და სტატიკის განყოფილებაში“.

გამგებელი ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებას ზაფხულში აპირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com