მთავარი,სიახლეები

ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

13.03.2017
ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მას დახურულ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გაფრთხილება მისცა.

ამავე მოსამართლემ დღეს ავთანდილ როინიძისა და ზურაბ ნოღაიდელის საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობს. მოსამართლის კითხვას: რას საქმიანობთ? ავთანდილ როინიძემ უპასუხა: “ხეების გადატანა-გადმოტანით ვართ დაკავებული”.

“ისინი იმყოფებოდნენ ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში და გვაგინებდნენ პოლიციელებს. ორივე ნასვამი იყო”, – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა, ზურაბ აბულაძემ.

“მე პოლიციელები არ მიგინებია. მხოლოდ გორელი პოლიციის უფროსის მისამართით შევიგინე იმის გამო, რაც იქ ხდებოდა…”- თქვა ავთანდილ რიონიძემ.

“მე საერთოდ არაფერი მახსოვს, ძალიან ნასვამი ვიყავი,”- უთხრა მოსამართლეს ზურაბ ნოღაიდელმა.

მოსამართლემ პოლიციელს ჰკითხა, რა მტკიცებულებები არსებობდა ზურაბის წინააღმდეგ. პოლიციელმა თქვა, რომ სხვა პოლიციელებმა დააფიქსირეს სამართალდარღვევა და მას კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეეძლო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა ავთანდილ რიონიძე, ხოლო ზურაბ ნოღაიდელის მიმართ მიიჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

“კარგი იქნება, თუ იმდენს არ დალევთ, რომ გაითიშოთ…”- დაამატა მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

მანამდე მოსამართლემ დაკავებულებს ასევე აუხსნა, რას გულისხმობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. “ამას გვასწავლიან ოჯახში, საზოგადოებაში. კანონის რეგულირება წესით არც უნდა სჭირდებოდეს ამას,” – აღნიშნა მოსამართლემ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან. გუშინ, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულ 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ 6 შემთხვევას ბათუმის სასამართლო 14 და 20 მარტს განიხილავს. სხვა დაკავებულების საქმეები პროკურატურას ჯერ არ წარმოუდგენია. წინასწარი მონაცემებით, საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმში დაახლოებით 40 პირი დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: