მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

12.03.2017 • 1643
ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებიდან 16-ის საქმე დღეს, 12 მარტს განიხილება ბათუმის საქალაქი სასამართლოში. ამ დროისთვის ოთხ ადამიანის: თემურ ლობჟანიას, არჩილ აბაშიძეს, ზაზა თედორაძესა და ლაშა დეკანაძის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მათ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და გოჩა ფუტკარაძემ მიიღეს.

დაკავებულებიდან ორი არასრულწლივანი იყო. ისინი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამავე მოსამართლემ დღეს დილით ხელწერილით გაუშვა საქმის განხილვამდე კიდევ სამი დაკავებული. ამ დროისთვის უცნობია, როდის განიხილავს მათ საქმეს სასამართლო.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებიდან სამმა მოითხოვა სასამართლო პროცესზე ადვოკატის აყვანა. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ახლა სწორედ მათ საქმეს განიხილავს. ადვოკატები ამ პროცესზე ზაზა და რამინ პაპიძეები არიან.

სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პოლიციელმა შუამდგომლობა დააყენა იმ მოტივით, რომ ადვოკატი რამინ პაპიძე ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია.

“ეს არის კანონის უცოდინრობის დემონსტრირება. ახლობელიც რომ ვიყო, ადვოკატობას კანონი არ მიკრძალავს,”- მიმართა სასამართლოს რამინ პაპიძემ. მოსამართლემ პოლიციელის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო ამჟამად იმ პოლიციელების ჩვენებებს ისმენს, ვინც ამბობს, რომ დაკავებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და შეურაცხყეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი პირიდან ორი, ვისაც რამინ პაპიძე იცავს, ნასამართლევია. თუმცა, მათ, როგორც სასამართლოში გვითხრეს, სასჯელი გაქარწყლებული აქვთ.

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა კიდევ ოთხი დაკავებულის საქმე უნდა განიხილოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. სახალხო დამცველის მონაცემებით, გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ დაახლოებით 40 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის მუხლებით. ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროკურატურისგან არ შესულა მოთხოვნა რომელიმე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში ჯერ გამოძიებას არავინ მიუცია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: