მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრი: „800 ათას ლარად გარემონტებული შენობა ისევ სარემონტოა“

15.02.2017 • 2630
საკრებულოს წევრი: „800 ათას ლარად გარემონტებული შენობა ისევ სარემონტოა“

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზეც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასარემონტებელია. მისი თქმით,  შენობა ქობულეთის გამგეობამ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, თუმცა კედლებზე ბათქაში დაზიანებულია, ეზო კი მოწესრიგებული არ არის.

„ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღი ჯერ გახსნილი არ არის და უკვე ხარვეზები გამოიკვეთა. გაწეული რემონტი არის ფუჭი, რადგან უხარისხოდ არის შესრულებული.

ამაში დაიხარჯა რვაასი ათასი ლარი, შემსრულებელი კომპანია არის „MTM“-ი. კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ქობულეთში უხვი ნალექი იცის და სამუშაოების დაგეგმვის დროს ეს ფაქტორი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყოო, სატენდერო პირობაში რაც მქონდა, მე ის გავაკეთეო. ჩვენ საკრებულოს სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ საბავშვო ბაღი რადგან ზღვასთან ახლოს მდებარეობს, წყალ და მარილგამძლე მასალები უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს“.

ბონდო თედორაძის განცხადებით, საბავშვო ბაღის შენობა გასულ წელს უნდა ჩაბარებულიყო. „ეზოს მოპირკეთებისთვის კი 108 ათასი ლარი წელს დაუმატეს და კორუფციული გარიგების ნიშნებიც ჩნდება“.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ჩაბარებული საბავშვო ბაღის შენობის კედლები უკვე დაზიანებულია.

„ორი-სამი წელი აქვს საგარანტიო და კომპანიას მივწერეთ, რომ ეს ხარვეზები უნდა გამოასწოროს. ძირითადად გარე ფასადია დაზიანებული, არ იყო ალბათ კარგად შელესილი და წყალი შევიდა. ახლახან დასრულდა ეზოს კეთილმოწყობის ტენდერი და როცა ესეც დასრულდება, ამის შემდეგ, საბავშვო ბაღის გახსნამდე ინტერიერსაც და გარე ფასადზაც ხელმეორედ გადავაღებინებთ,“-ამბობს გამგებელი.

საბავშვო ბაღი 175 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის გახსნის თარიღს გამგებელი ვერ აკონკრეტებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: