დელირია

კაფე „დელირია“ ბათუმში ‎XIX საუკუნის ბოლოს აგებულ სახლში

ბათუმი, ყაზბეგის #8 – ამ მისამართზე თუ მიხვალთ, ძველ, ბათუმურ ბელეტაჟს დაინახავთ. ირგვლივ ახალაშენებული, ერთმანეთის მსგავსი კორპუსებია, ეს სახლი კი პატარა კუნძულივით დგას, ხის ჭიშკარი ღიაა და ეზოში ნაყოფით ტოტებდამძიმებული ფორთოხლისა და ხურმის ხეებია. ტერასაზე, წითელ ბალიშზე, მზეს მიფიცხებულ კატას სძინავს. ბელეტაჟში ძველი ბუხარი და პიანინოა, კედლებზე – ძველი ფოტოები საოჯახო ალბომიდან, ხეებით დაჩრდილულ ეზოში – ქვით მოკირწყლული ბილიკები, კოცონის ადგილი და ჰამაკებია – ეს „დელირიაა“, კაფე-რესტორანი, რომელიც ბათუმელმა ნინო გაბუნიამ თავის საგვარეულო სახლში გახსნა.

„დელირია" მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლშია განთავსებული

„დელირია” მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლშია განთავსებული

სახლი, რომელშიც „დელირია“ მდებარეობს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ბათუმში. ბელეტაჟი თავისი ეზოთი თავართქილაძეებისგან პირველი გილდიის ვაჭარმა, დომენტი გაბუნიამ შეიძინა ოჯახისთვის 1894 წელს. იქედან მოყოლებული სახლს მფლობელები არ შეცვლია.

მას შემდეგ ბათუმმა ბევრჯერ იცვალა იერი და ახლა ბელეტაჟის ირგვლივ და მოპირდაპირე მხარეს ახალაშენებული კორპუსები დგას. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნინო გაბუნიამ სახლის გაყიდვაზე არაერთი შეთავაზება მიიღო მენაშენეებისგან. რადგან სახლსა და ეზოს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს, ნინოს სახლის გაყიდვის სანაცვლოდ სარფიან პირობებს სთავაზობდნენ, ბინებისა და საოფისე ფართობების სახით, თუმცა არც ერთ წინადადებას არ დასთანხმდა, ბანკიდან სესხი აიღო და სახლისა და ეზოს ერთ ნაწილში კაფეს გაკეთება გადაწყვიტა.

„ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი ამაზე. ამ სახლში მცხოვრებ ოჯახს ჰქონდა სტუმარმასპინძლობის დიდი ტრადიცია. აქაურობა მუდამ შეხვედრების ადგილი იყო, ყოველთვის ვაწყობდით ზეიმებს, საღამოებს, აქ დაბადების დღეც კი არ იყო ჩვეულებრივი დაბადების დღე და მას ახლდა ყოველთვის რაღაც წარმოდგენა. პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, მოდიოდნენ ბებიას მეგობრები ბრიჯის სათამაშოდ, ფრანგულად მოსაუბრე ქალები, პომადით, ხელთათმანებითა და ბერეტებით, დასხდებოდნენ და თამაშობდნენ კარტს. ეს შეხვედრების საყვარელი ადგილი იყო. ვიფიქრე, რომ ეს ტრადიცია გამეცოცხლებინა და ასე გაჩნდა კაფე-რესტორნის გახსნის იდეა,“ – ამბობს ნინო.

კაფე-რესტორანი "დელირია"

კაფე-რესტორანი “დელირია”

„დელირია"

„დელირია”

ნინო გაბუნია

ნინო გაბუნია

„დელირიას“ გახსნას წინ უძღოდა მრავალთვიანი მუშაობა, ბიზნესგეგმა და ღელვა, გამოვიდოდა თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო. მთავარი აქ იყო ძველი, ბათუმური სახლის ისტორია, რომელსაც ახალი სიცოცხლე უნდა დაეწყო თითქმის 150 წლის შემდეგ. ნინო, რომელსაც სამხატვრო და ტექნიკური განათლებაც აქვს, თავად იყო ჩართული სახლის მოწყობის ყველა ეტაპზე, თავად ჩაუტარა რესტავრაცია ძველ ნივთებს, იდგა ხარაჩოებზე, ღებავდა, წმენდდა და ყველა ძველ ნივთს უძებნიდა ადგილსა და ახალ სიცოცხლეს.

„გასულ წელს სამზარეულო ჩაინგრა. ფილები, რომლებიც სამზარეულოში იყო, იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო, სათითაოდ ამოვიღეთ, უდიდესი სიფრთხილით, რომ არც ერთი არ დამტვრეულიყო. ყველა ფილა გამოვიყენე ინტერიერში. აივანზე ძველი კედლები არ გავლესე, ყველა მეჩხუბებოდა, გაულესავი გაქვს კედლებიო, მაგრამ მგონია, რომ ასე სუნთქავს სახლი, ეს მისი ფილტვებია და არ მინდა დავუხშო, იმიტომ, რომ ასე „ლამაზი“ არ არის. მე ასე მომწონს, სჯობს ასე იყოს, იმიტომ, რომ ამ სახლს თავისი ცხოვრება აქვს, უნდა დარჩეს ასე, მას არ სჭირდება თანამედროვე ინტერიერი. სულ რომ კორპუსები აშენდეს ირგვლივ და მხოლოდ ეს სახლი დარჩეს, უნდა დარჩეს ასეთი, ის რაც ბათუმის არის, რაც მისი გულია, რაშიც ედინებოდა ქალაქის სისხლი, რომ გადაეცეს ისტორიას ერთი სახლი მაინც, იმის მაგალითად, თუ რა იყო ბათუმი, როგორ ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, როგორ მეგობრობდნენ, როგორ უყვარდათ.“

მზიანი დღე "დელირიას“ ფანჯრიდან

მზიანი დღე “დელირიას“ ფანჯრიდან

კაფე-რესტორნის სახელზე ძალიან ბევრი იფიქრა. უნდოდა, რომ უნდა ყოფილიყო ერთი სიტყვა, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდებოდა კაფე-რესტორნის კონცეფციას. სახელწოდების ბევრი ვერსია ჰქონდა, შემდეგ ერთი შეარჩია, მაგრამ უმცროსმა ქალიშვილმა ურჩია, კაფესთვის „დელირია“ დაერქმია. „წიგნს კითხულობდა ამ დროს, „დელირიუმს“. მოდი, დელირია დაარქვიო. დელირიუმი დაავადებაა, სიგიჟეს, შეშლილობას ნიშნავს, სიყვარულის გამო. ვფიქრობ, სახელი შესაბამისობაშია ამ შემთხვევაში შინაარსთან. „დელირია“  არის ადგილი, სადაც ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ბათუმი, ბუნება…“
„დელირია“ რამდენიმე ზონადაა დაყოფილი: ყველაზე დიდ ოთახში გარემო კლასიკურია, აქ ძველი ბუხარი და მე-20 საუკუნის დასაწყისში, პარიზიდან ჩამოტანილი პიანინო დგას. გარდა ამისა, არის ოთახი, რომელსაც „ახალგაზრდების ოთახს“ ეძახიან, რადგან აქ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს მოსწონთ ყოფნა და ვერანდა, ყველა სტუმრის საყვარელი ადგილი, რომელიც ეზოს გადაჰყურებს.

„დელირიას“ კიდევ ერთი „სიგიჟე“ კოცონია, რომელსაც ეზოში ანთებენ.

„ბათუმში ვერ ნახავთ კაფე-რესტორანს, რომლის ეზოშიც ანთებენ კოცონს და სადაც არის ჭა, რომელიც ამ სახლის ასაკისაა. ჭა მოქმედია, წყლის დალევის რეკომენდაციას ნამდვილად ვერ ვაძლევთ ვერავის, რადგან ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ეს „ცოცხალი“ ჭაა. ეს კოცონი არ არის მწვადის შესაწვავად, ეს ადგილია თავშეყრისა და დასვენებისთვის, ეს „დელირიას“ რიტუალია, კოცონი საღამოოობით. როცა აქ შემოდიხარ, შეგიძლია ქალაქის ხმაური და სტრესები ტვირთივით მოიხსნა, გარეთ დატოვო და მოხვდე სულ სხვა ადგილას, სულ სხვა გარემოში, სადაც დასვენებას შეძლებ.“

„დელირიას“ ეზო, კოცონის ადგილი

„დელირიას“ ეზო, კოცონის ადგილი

კოცონი „დელირიაში"

კოცონი „დელირიაში”

ახლა „დელირიას“ აივანზე ეზოში დაკრეფილი ხურმა ალაგია, ეზოში ფორთოხალი მწიფს. ნინო ამბობს, რომ გაზაფხულზე „დელირია“ ყვავილებში ჩაიძირება, მანამდე კი თავად იზრუნებს ეს ზამთარი „დელირიაში“ მოსული ადამიანებისთვის განსაკუთრებული იყოს. ამისათვის ყოველ დილით დგება და ბაზარში მიდის პროდუქტების საყიდლად, ყველაფერი ახალი და განსაკუთრებული უნდა იყოს, შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს „დელირიასთვის“ და განვითარებაზე ფიქრობს:

„მე უკან დასახევი გზა არ მაქვს. სასწორზე დევს სახლი, რომელსაც თითქმის 150 წლის ისტორია აქვს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სამი და-ძმა ვართ ოჯახში, ჩემი საკუთრებაა, ამ სახლს მე უნდა მოვუარო და მე ეს გავბედე. ბევრჯერ უჭირდა ჩემს ოჯახს და არ გაყიდულა, ახლა მე უნდა შევინარჩუნო სახლი, სადაც არაერთი თაობა გაიზარდა, სახლი, რომელიც არა მარტო მე, არამედ ბათუმს ეკუთვნის“ – ამბობს ნინო.

დილის ყავა „დელირიაში"

დილის ყავა „დელირიაში”

„დელირიას“ ეზოში

„დელირიას“ ეზოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com