ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია პაატა დუმბაძე. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პაატა დუმბაძე ბოლო 8 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა.

ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება საქმეში სამხარაულის სახელობის ბიოლოგიური ექსპერტიზა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვაზე საერთოდ არ აღმოჩნდა. პაატა დუმბაძე სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკვეს.

ანაბეჭდების დასაგენად ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ უარი თქვა. ექსპერტიზა დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა. რამინ პაპიძის ინფორმაციით, ექსპერტიზა, რომელიც მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, დაცვის მხარეს დაახლოებით 3200 ლარამდე დაუჯდა.

ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი