კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

22.12.2016 • 2823
სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში დააბრუნეს.

ოთხივე პირზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით მოსამართლე ვერა დოლიძემ შეცვალა. ეს საქმეები ადვოკატებმა გაგვაცნეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ, ვინც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში. სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, გასულს წელს სულ 7 გამამართლებლიდან 3 შემთხვევაში გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვეში – ერთი.

სასამართლომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია ბოლო თვეების შესახებ, სადაც მოსამართლე ვერა დოლიძემ კიდევ სამ გამამტყუნებელ განაჩენს მოაწერა ხელი. ადვოკატები ეჭვობენ, რომ ეს მოსამართლე ბათუმის სასამართლოზე განაწყენებულია, სადაც ის 2009-დან 2012 წლამდე მუშაობდა. ვერა დოლიძეს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდებოდა ბათუმში, მათ შორის, 2011 წელს „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის მონაწილეების გასამართლება „აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების საქმეზე“.

„ვერა დოლიძეს არასდროს გამოუტანია გამამართლებელი განაჩენი, ის ტრადიციას არ ღალატობს“, – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის ერთ-ერთი ადვოკატია მათ შორის, ვისაც გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით მიმდინარე წლის ოქტომბერში შეუცვალეს. ადვოკატი არ დავობს იმაზე, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ შესაძლოა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს კანონის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მას შემდეგ, როცა საქმეს უზენაესი სასამართლოც განიხილავს, ზაზა პაპიძე აპირებს, მოსამართლე ვერა დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლოს.

„სასწაულები ჩაწერა დასაბუთებაში: მოწმე ხელახლა არ აძლევს ჩვენებას სააპელაციოს, მაგრამ მოწმეების ჩვენებების ჩანაწერს ისმენს მოსამართლე. მაგალითად, მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ცემის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და ბიძისგან გაიგო ამის შესახებ, მოსამართლე წერს, რომ ეს მოწმე პირდაპირ ადასტურებს ფაქტს და ამხელს ამ პირსო. მოწმეთა ჩვენებებს თუ მიზანმიმართულად დაამახინჯებდა მოსამართლე, აღარ მეგონა. ეს არის გაყალბება… არ ვიცი, კონკრეტულად ამ მოსამართლის პრობლემაა ეს თუ სისტემური მიდგომა, რომ პროკურატურამ მოიგოს საქმე. პროკურორები, როცა ბათუმში საქმეს აგებენ, არც კი მალავენ სურვილს, ნეტა, ეს საქმე ქუთაისში ვერა დოლიძესთან მოხვდესო,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ვერა დოლიძის გადაწყვეტილებებს უკანონოს უწოდებს ადვოკატი დავით ჯაფარიძეც. ამ ადვოკატს ორი საქმე აქვს, სადაც სააპელაციოში გამამართლებელი გამამტყუნებლით შეუცვალეს. ერთი ივლისში, მეორე – ნოემბერში. არც ერთ მათგანზე გადაწყვეტილება ჯერ უზენაეს სასამართლოს არ გამოუტანია. დავით ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მოსამართლე ვერა დოლიძე ბათუმის სასამართლოზეა გაბრაზებული.

„კონკრეტული მოსამართლეები ცდილობენ კონკრეტულ შემთხვევაში ასიამოვნონ ხელისუფლებას,“ – ასე აფასებს ადვოკატი რამინ პაპიძე ვერა დოლიძის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას თორნიკე ხარაზის გახმაურებულ საქმეზე.

თორნიკე ხარაზს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადამწყვეტი „ფარმადეპოს“ აფთიაქიდან ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც პოლიციელების მიერ აღწერილი მოწმე არ დაემთხვა კამერით დაფიქსირებულს. გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ფარმადეპოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. საბოლოოდ ამ აფთიაქმა სასამართლო დავა შსს-ს წინააღმდეგ მოიგო.

„ბათუმის საქალაქო სასამართლო მთლიანად დაეყრდნო ამ ვიდეოფირს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო კი დაეყრდნო პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ამ ვიდეოზე, რომ თითქოს არ დგინდებოდა ფირის ავთენტურობა და მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია. ავთენტურობა ნიშნავს წარმომავლობას. სასამართლოს ჩვენება მისცა „ფარმადეპოს“ იურისტმა. მან დაადასტურა, რომ ფირი ნამდვილად აფთიაქის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და ნამდვილად „ფარმადეპომ“ მოგვაწოდა ჩანაწერი. რაც შეეხება იდენტიფიცირებას, დიახ, ჩვენ დავბურეთ იმ ადამიანების სახეები, რომლებიც არ იყვნენ კავშირში ამ შემთხვევასთან. გარდა ამისა, იყო არგუმენტი, რომ ეს ფირი იყო დამონტაჟებული. ჩვენც დავადასტურეთ ეს და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ვთქვით, რომ როცა ჩანაწერიდან დროის კონკრეტული მონაკვეთს იღებ, როცა გარეშე პირების სახეები, მათი პერსონალური მონაცემების დაცვის გამო იბურება, ეს არის მონტაჟი. ფაქტია, რომ მეორე ინსტანცია იმიტომ არსებობს, რომ მას შესაძლოა სხვა შეფასება ჰქონდეს, მაგრამ დასაბუთება უნდა იყოს არგუმენტირებული. ეს ვერა დოლიძის გადაწყვეტილებიდან არ ჩანს“, – გვიყვება რამინ პაპიძე.

რას აჩვენებს პირველ ეტაპზე გამამართლებელი განაჩენის რაოდენობის მატება – რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდა და მას ბათუმელ მოსამართლეებთან პრეტენზია არ აქვს. ის მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება სააპელაციო სასამართლო. რამინ პაპიძის აზრით, პრობლემას არ აქვს სისტემური ხასიათი და მხოლოდ ცალკეული მოსამართლე ვერ ან არ ახერხებს პროკურატურისგან გამიჯვნას: „მცდელობები ხელისუფლებას ალბათ აქვს, არ ვიცი, მაგრამ რადიკალური და უხეში ჩარევა, რაც ადრე ღიად ჩანდა, არ იგრძნობა. ზოგიერთ მოსამართლეს თანამდებობის შენარჩუნება უნდა, ზოგიერთს – გარკვეული პრივილეგია… უფრო ეს მომენტები ქმნის პრობლემას“.

„მე ისეთი შემთხვევაც ვიცი, როცა ორმა ინსტანციამ გაამართლა პირი და საბოლოოდ უზენაესმა გამოიტანა გამამატყუნებელი განაჩენი“, – ამბობს როლანდ ასაკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. იგი ფიქრობს, რომ როცა დასაბუთება არგუმენტებს არ ეყრდნობა, ყველა შემთხვევაში ჩნდება ეჭვი სისტემური პრობლემის არსებობაზე – ბრალდების მხარემ მოიგოს; ან მოსამართლის მცდელობაზე – ხელახლა დაიკავოს თავისი სავარძელი პროკურატურის გულის მოგების ხარჯზე.

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის მატებას როლანდ ასაკაშვილი  მტკიცებულებათა სტანდარტის გაზრდას უკავშირებს: „დაცვის მხარეს მტკიცებულების მოპოვების მეტი შესაძლებლობა მიენიჭა, ასევე გაიზარდა მოსამართლის „შინაგანი რწმენის“ განცდა. აქამდე თუ მხოლოდ გვარითა და სახელით ხდებოდა პირის გასამართლება, დღეს უკვე სასამართლო ორივე მხარეს უსმენს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.“

რამდენი გამამტყუნებელი განაჩენი შეცვალა გამამართლებლით ქუთაისის სააპელაციომ ბოლო ორი წლის განმავლობაში? – ერთი, ვკითხულობთ სასამართლოდან მიღებულ წერილში. სააპელაციო სასამართლომ გასულ წელს და 2016 წლის პირველ 9 თვეში მასთან გასაჩივრებული 461 პირის საქმეზე 98 შემთხვევაში შეცვალა განაჩენი. 51 შემთხვევაში სასჯელი – გამკაცრდა, 33 – სასჯელი შემსუბუქდა, 13 – კვალიფიკაცია შეიცვალა, 1 – სასჯელი შეიცვალა პირობითი მსჯავრით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, მიმდინარე წელს, ნოემბრის ჩათვლით, 15 გამამართლებელი და 10 ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. თითოეული შემთხვევა პროკურატურას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: