სიახლეები

სახელოსნოში, კაკოსთან

06.08.2012 • 1410
სახელოსნოში, კაკოსთან

წინა დღით კაკო ძნელაძეს დაბადების დღე ჰქონდა. ხმაურიანი ზეიმის კვალი სახელოსნოს არ ეტყობა. „რამდენი წლის გახდით ბატონო კაკო?“ – „54 -ის. გუშინ აქ ვქეიფობდით, დავლიეთ, მეხუმრებოდნენ და ათჯერ ავიწიე ხელებზე. გაგიჟდნენ.“ – ეღიმება და მირჩევს ბუხართან ახლოს დავსხდეთ, აქ უფრო თბილა. 

 

ადრე, ბავშვობაში, კაკო მხატვრულ ტანვარჯიშზე დადიოდა და ერთხელ მესამე ადგილიც აუღია მეორე თანრიგში. კვირაში რამდენჯერმე ზღვაზე დადის, ვარჯიშობს. საერთოდ, კაკო ძნელაძის ნახვა ბათუმში ყველგან შეიძლება: გამოფენებზე, კინოში, დისკუსიებზე, საპროტესტო აქციებზე… მაშინ, როცა მისი კოლეგების უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს, კაკო ამბობს ყველას სათქმელს და მეტწილად ეთანხმებიან. ბოლო დროს თბილისში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორუმზეც ნახეს, მაგრამ კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, ცივი უარით პასუხობს. პოლიტიკაზე დროის დაკარგვა აღარ უნდა:

 

„ის ოცი წელი, როცა გამოვდიოდი და ვყვიროდი, ეს ყველაფერი სისულელე ყოფილა, დაანგრია ამან საქართველო, დედა უტირა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა დრო. მე არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაში არაფერს შეცვლიდნენ. მშვენიერი ოჯახი მყავს, ამის გარდა დანარჩენს ყველაფერს შევცვლიდი.

 

ერთ ინდოელ მოგვს ჰკითხეს მოსწავლეებმა, შეიძლება თუ არა ბედისწერის შეცვლაო და ასეთი ცდა ჩაატარეს: ერთი მათხოვარი ნახეს და ხიდის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გასვლა სთხოვეს. ხიდის შუაში განძი დადეს. წამოვიდა მათხოვარი ხიდის დასაწყისიდან და მივიდა ხიდის ბოლოს მდგარ მოსწავლეებთან. ჰკითხეს, როგორ გადმოხვედიო? დავხუჭე თვალები და ისეო, უთხრა მათხოვარმა. არაფერი უნახავს, თვალებდახუჭულმა ჩაუარა განძს! იგივე მომენტია ცხოვრებაში, ბევრი რამისათვის ჩაგვივლია გვერდით ისე, რომ არ შევხებივართ. ამაზე მწყდება გული.“

 

სახელოსნოს ერთადერთი ფანჯრიდან ჩანს, როგორ ბარდნის. კაკო ჩაის ძველებურ, რკინის სადგამიან ჭიქებში ასხამს.

 

ბათუმზე ვეკითხები, რა შეიცვალა მისთვის ამ ქალაქში. „ჩაიარა ბათუმის მატარებელმაო“, მეუბნება და იქვე ამატებს: „იცი, მე ვერ ავუხსნი დღეს ახალგაზრდებს, რა არის ბათუმი. ბათუმი მორჩა, როდესაც ბურუნთაბიეს გორა აიღეს. ახლა სხვა ქალაქია“. „მაგრამ ხომ არსებობს სხვა, ახალი ადგილები?“ – ვეკითხები. ცოტა ირონიულად ეღიმება.

 

სახელოსნოში ირაკლი შემოდის, კაკოს შვილი. ირაკლი ფოტოგრაფია, ვინც იცნობს კაკოს, იცნობს ირაკლის და პირიქით. როცა ირაკლიზე საუბრობს, კაკოს ოდნავ, სულ ოდნავ, ემჩნევა, რომ მისით ამაყობს.

„ირაკლის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან. ისე, მე დავბერდი, თუ სამყარო ბერდება, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ინდეფერენტული გახდა ჩემ ირგვლივ სამყარო, ის ფერები აღარ არის, რაც იყო. მე ყველას ვეკითხები ამას და ყველა ასაკის ადამიანი ამბობს, რომ ასეა. გაოცების, განცვიფრების უნარი დაკარგეს ადამიანებმა. რითი უნდა გააოცო? ყველაფერი ხელმისაწვდომია, შრომის გარეშე შეგიძლია ერთ წუთში მიიღო ინფორმაცია და მეორე წუთს დაგავიწყდეს.

 

ადრე სამყარო ვერტიკალური იყო, სადღაც ზემოთ იდგა საზოგადოების ე.წ. „ელიტა“, ახლა დემოკრატიზაციით, ინტერნეტით ყველაფერი ახლოსაა, თითქოს აქ, ხელის გაწვდენაზე, მაგრამ სინამდვილეში ბევრად უფრო შორს, ვიდრე მაშინ იყო.“

 

ლენინგრადზე ვსაუბრობთ, იმ წლებზე, როცა კაკო რეპინის აკადემიაში სწავლობდა. ამ პერიოდზე საუბრისას კაკო უცებ ენთება:

 

„წარმოიდგინე, 1969 წელს პირველად ჩავედი ლენინგრადში, ბავშვი ვიყავი, ვცხოვრობდი აკადემიასთან ახლოს, კომუნალკაში. ამ დროს ბათუმში სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, ერმიტაჟის ნახვა ოცნებად გაქვს ქცეული და იქ მიდიხარ! აკადემიასთან იყო შემოქმედებითი სახელოსნო, მაისეენკოს, ანიკუშინის სახელოსნო, ეს ის ანიკუშინია, რომელმაც პეტერბურგში პუშკინის არაჩვეულებრივი ძეგლი გააკეთა. და კარი ღიაა, შეგიძლია შეხვიდე. დიდი ბიჭები ხატავენ, მათ ნახატებს ხედავ და გავიწყდება სხვა დანარჩენი. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა. ისე, სხვა არაფერზე მიფიქრია ფერწერის გარდა. ერმიტაჟში ვუყურებდით ჰოლანდიელებს, რემბრანტს, რუბენსს და სტუდენტები ვხატავდით ასლებს. ვსწავლობდით ორიგინალებიდან. ეს ყველაფერი აკლია ჩვენს სკოლას დღეს, ამიტომ არის დღეს ჩვენი ხელოვნება დეკორატიული, მკვდარი. ფერები არის, მაგრამ არ არის ფერწერა, სიცოცხლე.

 

გგონია, რომ ეს ყოველთვის იქნება, და შენ ამისგან გააკეთებ! ასე არ არის, მთავრდება ეს სადღაც. და ხვდები, რომ მაშინვე უნდა გაგეკეთებინა. ახლა ძალიან ვნერვიულობ, რომ თენდება და უცებ ღამდება.“

 

საუბრის ბოლოს კაკო ბოლო ნამუშევრებს მაჩვენებს. ნამუშევრები, რომლებზეც ახლა მუშაობს, წითელი, ანთებული ნეკერჩხალია, ოთხი სურათი, ერთი და იგივე ხე სხვადასხვა რაკურსით. „ეს ხე ბულვარში დგას“ – მიხსნის კაკო. „-ჩემთვის ეს ნეკერჩხალი გზაა, შუქი. ოთხია – მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, და მთავარი – წითელი ხე, ქრისტეს სხეული.

 

ერთი ნამუშევარი მინდა გაჩვენო, რომელიც ახლა დავასრულე. გარკვეული პარალელები არსებობს ამ ნამუშევარსა და ვერმეერის სურათთან – „გოგონა ფანჯარასთან“. ეს არის ამ სახელოსნოს ინტერიერი. აქ არის ფანჯარა, სკამი, შიშველი გოგონას ფიგურა ხელში წერილით… ყველაფერს მელანქოლიური შუქი ადგას, რომელიც მაძლევს იმედს, რომ შემოვა რაღაც ახალი და სხვა აქ, ამ სივრცეში.“ 

 

სტატიაში გამოყენებულია ირაკლი ძნელაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი