მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს 12 სკამი

01.12.2016 • 3603
ბათუმის საკრებულოს 12 სკამი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეს შენობის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხდომათა დარბაზში მოსახვედრად შენობის მეორე შესასვლელიდან უნდა შევიდეს, საშვთა ბიუროს გავლით. ბიუროში კი მას განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და ვერ შეუშვებდნენ. მოქალაქე ტელეფონით დაუკავშირდა სხდომაზე შესულ მეგობარს, რომელმაც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში რამდენიმე თავისუფალი ადგილია. კანონით საკრებულოს სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების უფლება ყველას აქვს.

შენობაში ბათუმში, სადაც საკრებულო და მერიაა განთავსებული, ხშირად არღვევენ წესს, რომლის მიხედვითაც მოქალაქე [ვისაც თავისივე არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის ნახვა სურს] შენობაში უკანა ეზოდან, საშვთა ბიუროს გავლით უნდა შევიდეს. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკრებულოსა და მერიას შენობაში შესასვლელი დიფერენცირებული აქვს თანამშრომლებისა და მოქალაქეებისთვის, ანუ ამომრჩევლისთვის. ამას „ბათუმელებთან“ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც არ უარყოფს.

“წინა შემოსასვლელიდან დავდივართ თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. არის მეორე შემოსასვლელი გორგილაძის ქუჩიდან, რომელიც ბევრმა მომსვლელმა არ იცის“, – ამბობს ლაშა სირაბიძე.

კოდექსი თვითმმართველობის შესახებ საკრებულოსა და მერიისთვის ადგენს წესებს, რომელთა შესრულებამაც თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობა, საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებების მეტი საჯაროობა და მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. ასეთი წესები საკრებულოს რეგლამენტითაც არის განსაზღვრული, თუმცა საკრებულო ხშირად თავისსავე რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ ასრულებს.

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. სხდომის დარბაზში კი უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მოქალაქეებისთვის. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ასეთი 24 ადგილია, აქედან 12 ადგილს [ პირველი რიგი] ძირითადად მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ჟურნალისტები იკავებენ. დაინტერესებული მოქალაქეებისა და არასამთავრობოებისთვის კი მხოლოდ 12 ადგილი რჩება თავისუფალი.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები იშვიათად აქტიურობენ. იშვიათად, მაგრამ საკრებულოს განუხილავს ისეთი საკითხებიც, როცა სხდომათა დარბაზში ადგილი ფეხზე დასადგომადაც არ იყო. ბოლოს ასეთი ხალხმრავლობა სხდომაზე არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბიუჯეტში დაანონსებული ცვლილებებისას იყო. იმ დღეს საკრებულოში შესვლის პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი ხიმშიაშვილსაც შეექმნა. მას მოუწია ხმამაღლა აეხსნა დაცვის თანამშრომლებისთვის, რომ საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება ჰქონდა. ცენტრალურ შესასვლელში მისულ მოქალაქეს კი დაცვა ეკითხებოდა: „ვინ ხარ, ჟურნალისტი ხარ? – თუ არა მაშინ საშვთა ბიუროში გადადი.“

საშვთა ბიუროში მისულ საიას იურისტს, ალექსანდრე ჯინჭარაძეს კი განუმარტეს, რომ სხდომათა დარბაზში ადგილი არ იყო. მან „ბათუმელებთან“ ისიც გაიხსენა, რომ ვიდრე წარმოშობილი პრობლემის თაობაზე ხელმძღვანელს დაუკავშრდებოდა, ერთი ქალბატონი იმავე მიზეზით უკან გააბრუნეს.

საკრებულოს ღიაობაზე საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა სირაბიძემ ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება დააფიქსირა. ერთი მხრივ, ის დარწმუნებულია, რომ საკრებულოს ღიაობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს:

„ჩემამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა. არ არსებობს მოქალაქე მოვიდეს და მან ჩემთან დაკავშირება ვერ შეძლოს. თუ შიდა ტელეფონზე ვერ დამიკავშირდება ბიურო, მობილურზე მაინც დამიკავშირდებიან~. მეორე შემთხვევაში კი ლაშა სირაბიძე ამბობს: „ბევრი ადამიანი პროტესტს გამოთქვამდა საკრებულოს სხდომაზე ვერ ვხვდებიო, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ შემოსვლის წესი, ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ წესს და კანონს. არის შიდა წესი, რომელიც არის კანონით გაწერილი“.

ლაშა სირაბიძე გულისხმობს წესს, როცა საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში მისული, მაგალითად, ჟურნალისტი ეუბნება დაცვას, ვისთან არის შეთახმებული, ურეკავს ამ შეთანხმებულ მოხელეს, შემდეგ კი დაცვას მასთან ალაპარაკებს. სხვა შემთხვევაში დაცვა ძირითადად ამტკიცებს, რომ ის, ვისაც შეხვედრაზე შეუთანხმდი, შენობაში საერთოდ არ არის. არის შემთხვევაც, როცა დაცვა ცდილობს პრესსამსახურთან გაარკვიოს მართლა საჯაროა თუ არა სხდომა, თუნდაც ჟურნალისტებისთვის. იგივე პრინციპი მოქმედებს საშვთა ბიუროშიც.

მეტი საჯაროობის მისაღწევად საკრებულო ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც ჩაატაროს ღია კარის სხდომა და მოუსმინოს ბათუმის ტერიტორიაზე რაგისტრირებულ ამომრჩეველს. კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველთა მოსმენა უნდა ჩატარდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ბრძანება 7 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. ასეთი სხდომა ამ მოწვევის ბათუმის საკრებულომ მხოლოდ ერთხელ – 2015 წლის მარტში გამართა.

საკრებულოს რეგლამენტში არის ასევე ჩანაწერი „დასახლების საერთო კრება“, რეგლამენტის მიხედვით, კონკრეტული დასახლებისთვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება. ბათუმის საკრებულოს კანცელარიაში ასეთი სხდომის ოქმი არ ინახება.

საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ამომრჩეველთან შესახვედრად შეხვედრების დღის წინასწარ დაანონსება და ოქმის შედგენა არ სჭირდებათ, რადგან მათგან უმეტესობა ამომრჩეველს ყოველდღე ხვდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კი ამ საკითხზეც ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები აქვს.

ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ ღიაობის თვალსაზრისით საკრებულო „მოიკოჭლებდა“, რადგან ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს პარტიაშიც ბევრი საქმე ჰქონდა და არ ეცალა [ირაკლი ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია]. მეორე მოსაზრებით „ირაკლი ჭეიშვილი „მშვენივრად უძღვებოდა საკრებულოს საქმეებს“, თუმცა მაინც აპირებს ლაშა სირაბიძე „ბევრი რამის გამოსწორებას“. ის ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარდგომას მალე გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: