სანქცია საარჩევნო კომისიისთვის, სადაც “ქართული ოცნების” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს



ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მაია ბლადაძეს და ამავე კომისიის მდივანს ბათუმის საოლქო კომისიამ ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს. ვიდეო მასალა კომისიის თავმჯდომარემ გუშინ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
უფლებამოსილების შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისგმებლობის ფორმაა. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში 8 წლის განმავლობაში ვეღარ დასაქმდება.
ფოტო: მაია ბლადაძის ფეისბუქ გვერდიდან

ფოტო მაია ბლადაძის ფეისბუქგვერდიდან

ვიდეო მასალაზე სარჩელით საოლქო კომისიას დღეს “სამართლიანმა არჩევნებმა” მიმართა. ორგანიზაცია კომისიის ყველა წევრის მიმართ მოითხოვდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. რატომ გამოიყენა საოლქო კომისიამ სანქცია მხოლოდ თავმჯდომარის და მდივნის მიმართ – უცნობია. საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე „ბათუმელების” სატელეფონო ზარს არ პასუხობს, მდივანმა კი გვითხრა, რომ „სალაპარაკოდ არ სცალია“.
საოლქო კომისიას შეუძლია უფლებამოსილება შეუწყვიტოს საუბნო კომისიის მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც მის მიერაა არჩეული. პარტიების მიერ დანიშნული წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით კი, ოლქმა სასამართლოს უნდა მიმართოს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი