მთავარი,სიახლეები

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

18.07.2016 • 2737
შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“ [იგულისხმება ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“]. განცხადებას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა სკოლის მასწავლებლების, კურსდამთავრებულების, მოსწავლეებისა და მშობლების რეაქცია.

„ბათუმელები“, განცხადების შეფასებისთვის დაუკავშირდა სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ რამდენიმე კურსდამთავრებულს.

ასლან ართმელაძესახელი, გვარი, ასაკი: ასლან ართმელაძე, 23 წლის. 

პროფესია: სოციალური და პოლიტიკის მეცნირებათა ბაკალავრი.

სამუშაო: არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელის“ გამგეობის თავჯდომარე.

„ვთვლი, რომ კონსულმა არასწორი და უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა სკოლასთან დაკავშირებით. მე 5 წელი ვსწავლობდი ამ სკოლაში, სწავლება მიმდინარეობდა ქართულად და ინგლისურად. თურქული ენა დამატებითი საგანი იყო და კვირაში რამდენიმე საათი ეთმობოდა. ანტისახელმწიფოებრივი და მითუმეტეს ტერორიზმთან მისადაგებული საქმიანობის არავითარი მიმართულება არ არსებობდა, უფრო მეტიც საკონსულოს თანამშრომლები სწავლა-განათლებას ამ სკოლაში აძლევდნენ თავიანთ შვილებს. სკოლა არის სრულიად სეკულარული. მიმაჩნია, რომ მან პოსტი სასწრაფოდ უნდა დატოვოს, რადგან ამ ქმედებით შეურაცხყოფას აყენებს როგორც ჩაღლაღის საგანმანათლებლო დაწესებულებების ათასობით მოსწავლესა და თანამშრომელს, აგრეთვე ქართულ-თურქულ ურთიერთობებს“. 

სოფიო ხახაჯიშვილისახელი, გვარი, ასაკი: სოფიო ხაჯიშვილი, 23 წლის.

პროფესია: იურისტი.

სამუშაო: მოქმედი ადვოკატი. სადისტრიბუციო კომპანიის მთავარი იურისტი

„ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად რას და ვის მიზანს ემსახურება მსგავსი განცხადება და რა მოტივი უდევს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი იქ სწავლის პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში იყო სრული წესრიგი, რეჟიმი და განათლების მისაღებად საუკეთესო გარემო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სკოლას აღზრდილი ჰყავს ძალიან წარმატებული თაობები, კურსდამთავრებულები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებში. დღეს ისინი მათ მიერ არჩეულ სფეროში აგრძელებენ წარმატებულ მოღვაწეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე თურქი მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე თურქული ღირებულების, კულტურის თუ რელიგიის თავზე მოხვევას. უფრო მეტიც, ეს იყო სკოლის კედლებში გატარებული მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის რამდენიმე წელი და მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს მასწავლებელს, რომელმაც თავის დროზე არ დაიზარა და დიდი შრომა ჩადო ასეთი თაობების აღსაზრდელად“. 

თორნიკე მახაჭაძესახელი, გვარი, ასაკი: თორნიკე მახაჭაძე, 21 წლის.

პროფესია:  საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ მეცნიერებათა სპეციალობის მიმართულება

სტატუსი: პრაღის მეტროპოლიტენისა და კალიფორნიის სახალხო უნივერსიტეტების სტუდენტი

„პირველ რიგში, როგორც შაჰინის სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულმა, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში თურქეთის კონსულის განცხადება, ლიცეუმისა და მისი აღსაზრდელების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის შესახებ, არის სრული აბსურდი და შეურაცხმყოფელი! როგორც კურსდამთავრებულმა და ადამიანმა, რომელმაც სასკოლო წლების უდიდესი ნაწილი ამ სკოლაში გაატარა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ეს არის სკოლა, სადაც ყოველი სასწავლო კვირა იწყება სახელმწიფო ჰიმნით, ადგილი, სადაც საუკეთესო პედაგოგები ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრების აღზრდას, ხოლო ის რაც კონსულმა განაცხადა, არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, რომლითაც დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ სკოლის ასეულობით აღსაზრდელს, კურსდამთავრებულს თუ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას. ასევე, როგორც მომავალი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი დავამატებდი, რომ კონსულის განცხადება არის სრულიად არადიპლომატიური, რომელმაც სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა ამისა ასეულობით არასრულწლოვანს საზოგადოების თვალში სულიერი ტრავმა მიაყენა. ჩემი აზრით, ბატონმა კონსულმა პირველ რიგში საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს როგორც საზოგადოების, ასევე კერძოდ სკოლა-ლიცეუმის წინაშე“. 

diana devadzeსახელი, გვარი, ასაკი: დიანა დევაძე, 17 წლის.

სტატუსი: აბიტურიენტი.

„ამ სკოლაში გავიზარდე, ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, პირველ რიგში მეგობრობა, ადამიანებთან ურთიერთობა, უფროსებისა და მეგობრების პატივისცემა. ცოტა მეუხერხულება იმის ახსნა, რომ ის რაც კონსულმა განაცხადა რეალობას არ შეესაბამება. ვფიქრობ ასეთი რამე არ უნდა ეთქვა, მითუმეტეს როცა დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. მსგავსი უაზრობა ცხოვრებაში არ წამიკითხავს და სასაცილოცაა ეს ყველაფერი. ვიმეორებ, რომ შაჰინის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი სკოლა N1-ია“!

დღეს, 18 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა კონსულის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

„არც მას [კონსულს] და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები. ეს სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში,” – განმარტა ელჩმა.

დღესვე, აჭარის ტელევიზიამ თურქეთის კონსულის ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: