მთავარი,სიახლეები

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

12.03.2016 • 7252
კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი?

„იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. ამიტომ, კაზინოები ბათუმში არის დამატებითი სერვისი ტურისტული თვალსაზრისით,“ – ამბობს სოფიო ლაზიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

დეპარტამენტის მონაცემებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეებიც ბათუმში ტურისტად შემოდიან, ბოლო წლების განმავლობაში პირველ ადგილზეა თურქეთი [ვიზიტორთა რაოდენობით], შემდეგ აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და სხვა ქვეყნები.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება კაზინოს მომხმარებელთა რაოდენობა, ზოგადად, ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სოფიო ლაზიშვილი ამბობს, რომ ისინი სტატისტიკას იღებენ კონკრეტული სასტუმროებიდან – რამდენი ადამიანი გაჩერდა მათთან ქვეყნების მიხედვით: „იქ გაჩერებული ადამიანებიდან კი, რამდენი კაზინოში სათამაშოდ ჩამოვიდა და რამდენი ქალაქის, ბუნების დასათვალიერებლად გავიდა, ამისი კონკრეტული სტატისტიკა არ გვაქვს… თუმცა, ამ კაზინოებიდან რაღაც მოსაკრებელი რჩება ბათუმის ადგილობრივ ბიუჯეტში, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია განსაზღვრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში კაზინოების არსებობა“.

ტურიზმის სპეციალისტი ზვიად ელიზიანი სათამაშო ბიზნესის დადებით ეფექტებზე საუბრისას ამბობს, რომ „კაზინოები იხდიან გადასახადებს, დასაქმებული არიან ადამიანები… კაზინო მაინც სპეციფიკური ბიზნესია და იდეაში შესაძლოა იყოს აღურიცხავი შემოსავლებიც, თუმცა კანონმდებლობით შემოსავლების დეკლარირება მაინც ხდება. აქედან გამომდინარე, ანუ შემოსავლების კუთხით, კაზინოებისგან მიღებული ეფექტი რაღაც დოზით დათვლადიც არის“.

ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმში მოქმედ კაზინოებში განთავსებულია 138 მაგიდა და 1475 სათამაშო აპარატი [მონაცემი გამოყვანილია გადახდების ანალიზის შედეგად]. სათამაშო ბიზნესიდან კი ბათუმის ბიუჯეტში 2015 წელს ჯამში შენატანი 15,5 მილიონი ლარი იყო. აქედან 8,3 მილიონი ლარი მაგიდებიდან, ხოლო 6,6 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებიდან. ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი შეადგენს 18 000 ლარს, ხოლო ერთ აპარატზე, ასევე კვარტალში – 2 ათას ლარს“  [შედარებისთვის, სათამაშო ბიზნესიდან 2014 წელს ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა].

11 მოქმედი კაზინოდან ოთხი, გასული წლის ექვს თვეში გაიხსნა. თუ გავითვალისწინებთ იმ კაზინოების რაოდენობასაც, რომელთა ამოქმედებაც გადაწყვეტილია, ბათუმში მალე 22 კაზინო იქნება.

ზვიად ელიზიანის თქმით, კაზინოების რაოდენობა იზრდება მათზე მოთხოვნის გამო: „კაზინო-ტურისტები საკმაოდ სპეციფიკურია, ისინი არ არიან ჩვეულებრივი ტურისტები. უმეტესობისთვის, ვინც სათამაშოდ ჩამოდის, მხოლოდ ესაა საინტერესო. დანარჩენი, ვთქვათ, ქალაქის დათვალიერება, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს. თუმცა, ამისი გაანალიზებაც შესაძლებელია კვლევის მეშვეობით, ან კაზინოებთან თანამშრომლობით – ანუ, ვინც ჩამოდის სათამაშოდ, იმათი 15-20% მაინც ათავსებს თუ არა თან დასვენებას და თან თამაშს. თუ თამაში მათთვის არ არის ერთადერთი იდეაფიქსი, შეიძლება დამატებითი, მათზე მორგებული სერვისები შესთავაზო. ვთქვათ, ტურები, ან რაღაც ივენთები და ამით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ქალაქმა, რეგიონმა და ქვეყანამ“.

ზვიად ელიზიანი მიიჩნევს, რომ რადგან მოთხოვნა არის ამ სეგმენტზე და მას დადებითი მხარეც აშკარად აქვს, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური თანმდევი ეფექტები, რაც ახლავს ამ ბიზნესს და მაქსიმალურად გააძლიეროს პოზიტიური მხარე. „კაზინოს ტურიზმი ცალკე სეგმენტია, რომელსაც კონკრეტული კლიენტურა ჰყავს. თუ აკრძალავ, მოთხოვნა ბაზარზე დარჩება და ეს სეგმენტი გადაინაცვლებს სხვაგან, დავუშვათ, ევროპაში, თუნდაც კვიპროსში. ტურისტების მოზიდვის კუთხით, სტიმულირებაზე თუ აიღებს აქცენტს ქვეყანა, შეიძლება პიარ ან/და მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩადება ამ სეგმენტის, რათა უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.“

სოფიო ლაზიშვილის თქმით, დეპარტამენტი რეგიონს რეკლამას უწევს საერთაშორისო ბაზრებზე, ყველა მისი შესაძლო ტურისტული მიმართულებებით, მათ შორის კაზინოების სეგმენტის კუთხითაც, თუმცა რა პროცენტი უჭირავს ამ სეგმენტს ტურიზმის სფეროში, დაკონკრეტება რთულია.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი და შიდა ტურისტების კვლევას. მონაცემებს ვამუშავებთ და ალბათ მარტის ბოლოსთვის გამოვაქვეყნებთ. კვლევაში იქნება პასუხები კითხვებზე – რა მიზნით ჩამოხვედით, რა მოინახულეთ და ა.შ. და ამ კვლევამაც შესაძლოა აჩვენოს კონკრეტული რამ, რაც კაზინოებთანაა  დაკავშირებული“.

ზვიად ელიზიანის თქმით, ბათუმის კაზინოებს, ძირითადად, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ცოტა ნაკლებად, მაგრამ ისრაელიდანაც სტუმრობენ. ადრე ერაყიდან და შუა აზიის ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ კი შესაძლოა ირანიდანაც გაიზარდოს იმ ვიზიტორთა რიცხვი, რომლებიც ბათუმში, კონკრეტულად კაზინოში სათამაშოდ ჩამოვლენ.

ბათუმში დღეს მოქმედი კაზინოებია: „აჭარაბეთი“, „შერატონი“, „ინტურისტი“, „ივერია“, „ევროპაბეთი“ , „Leo Grand“-ი,  „გოლდენ პალასი“, „კამპიონე“, „ინტერნაციონალი“, „სენატორი“ და „პრეზიდენტი“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კაზინოები ეტაპობრივად ამოქმედდება ასევე: გოგებაშვილის N10-ში [მესაკუთრე შპს „ქროსვეისი“], მწვანეს N1-ში [სს „მეტრო ატლას ჯორჯია“], მ. აბაშიძის N33-ში [შპს „აქთივ ბათუმი“], გოგებაშვილის N10/12-ის მიმდებარედ [შპს „ადოგ ჯორჯია“], რუსთაველის N30/ნინოშვილის N23 [შპს „ტამ ჯეო“], ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ [შპს „მარინა კოლიზეუმი“], ჟღენტის ქუჩა [ყოფილი სტადიონის ტერიტორია, შპს „GIMG“], შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [სს „იაფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთი“], კახაბრის დასახლებაში [სს „მეტრო ატლას ჯორჯია“] და ასევე კახაბრის დასახლებაში [შპს „ეიერ-მერიდიანსი“]. „ბათუმელების“ ინფორმაციით კაზინოები ასევე გაიხსნება „პორტა ბათუმი თაუერში“ [შპს სისთემ ინშაათი“] და ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში [შპს „ბათუმი თაუერი“].

GE DIGITAL CAMERA

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: