მთავარი,სიახლეები

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

07.02.2016 • 2260
საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განხორციელდება 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გასაწვევთა  რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 3183 წვევამდელით, აქედან უშუალოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 1000 წვევამდელს გაიწვევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 720-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში – 1020-ით; თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1000-ით, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა მაქსიმალური რაოდენობა – 443-ით.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაიწვევენ 18-დან 27-წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მთავრობის დავალებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო   გაუწევს.

ბათუმის მერიის მიერ წვევამდელების სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის მომსახურებაზე გამოცხადებულ 39600-ლარიან ტენდერში 9 პრეტედენტი მონაწილეობდა. ხელშეკრულება გაფორმდა ინდ/მეწარმე ლაურა შაქარიანთან, 24 937 ლარზე. ამ ფასად ტენდერში გამარჯვებული ბათუმიდან თბილისში ეტაპობრივად გადაიყვანს წვევამდელებს, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში [ხელშეკრულების მიხედვით სულ 72 რეისი].

გადაბეჭდვის წესი