ჟორჟ სიმენონის უცნობი ფოტოები და რომანი, რომელშიც მოქმედება ბათუმში ხდება



მაისში ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, ცნობილი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის არქივში ინახება მწერლის მიერ 30-იან წლებში ბათუმში გადაღებული ფოტოები, რომელიც ბათუმელებისთვის ცნობილი არ არის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენციაც იგეგმება.

ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ [Les Gens d’en Face] ერთ-ერთ ნაწილში მოქმედება ბათუმში ხდება.

წიგნის დაწერამდე რამდენიმე თვით ადრე სიმენონმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა შავი ზღვის ირგვლივ, რვა დღე დაჰყო ოდესაში და 1933 წლის პირველი ნახევრის უკრაინაში მასობრივი შიმშილობის მომსწრეც იყო. უკრაინიდან სიმენონი ბათუმში ჩამოვიდა და აქედან სტამბოლში გაემგზავრა.

რომანის წერა სიმენონმა მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო – 1933 წლის ზაფხულში და ყოველკვირეულ ბელგიურ გამოცემა Les Annales – ში გამოაქვეყნა 7 ნაწილად.

წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ადილ ბეი, ბათუმში 1920 წელს დანიშნული თურქი კონსულია, რომელიც ბათუმში მისი წინამორბედის უეცარი გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. კონსული აღმოაჩენს ზღვისპირა, კოსმოპოლიტურ ქალაქს, რომელიც მდიდარია ნავთით – ამ ბიზნესს ბათუმში იმ დროისთვის როკფელერების ამერიკული კომპანია Standard Oil -ი მართავს, თუმცა მიუხედავად ამ ბუნებრივი სიმდიდრისა, ქალაქის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს. რომანში მაშინდელი ბათუმის ქუჩები და ადგილებიცაა აღწერილი.

კონსული ცდილობს ბათუმის საბჭოთა დიპლომატიურ წრეებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს და აქაურ ბიუროკრატიაში გაერკვეს, რაშიც მას თარჯიმანი და მდივანი სონია ეხმარებებიან. სონია ბათუმში ადილ ბეის სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს რძალთან და ძმასთან ერთად – რომელიც თავის მხრივ საბჭოთა НКВД-ს დაქვემდებარებული ГПУ -ს აგენტია.

ადილ ბეის და სონიას ერთმანეთი უყვარდებათ, ქალი კონსულს გამოუტყდება, რომ მას საბჭოთა დაზვერვა უთვალთვალებს, ადილ ბეის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა ირყევა და ეჭვი ჩნდება, რომ საბოლოოდ მის მოწამვლას ცდილობენ. ადილ ბეი და სონია ბათუმის პორტიდან ბელგიური გემით გაქცევას ცდილობენ, რომ საბჭოთა რეჟიმს დაუსხლტდნენ.

თუმცა თურქეთის კონსული ვერ ითვალისწინებს, რომ სტალინური პერიოდის ბათუმი არის ქალაქი, სადაც ყველას უთვალთვალებს საბჭოთა რეჟიმი: გაქცევის დღეს, სანაპიროზე სონიას მოლოდინში ადილ ბეი მარტო რჩება – სონია არ მოდის. ადილ ბეი მალევე შეიტყობს, რომ მათი გეგმა გამჟღავნდა და სონიას დახვრეტენ.

ასეთია ბელგიელი მწერლის იმ წიგნის მოკლე შინაარსი, რომელშიც მოქმედება 30-იანი წლების საბჭოთა ბათუმში ვითარდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან