6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე


„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“.

პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, როგორც „დაბალანსებული მედიაორგანიზაცია“. პარტიები მოუწოდებენ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, რომ მან არ მისცეს ხელისუფლებას საშუალება, ჩაერიოს ტელევიზიის საქმიანობაში. პარტიები ასევე მოუწოდებენ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროცესს დააკვირდნენ და შეფასებები გააკეთონ.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა დააყენეს. ირაკლი დარცმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა მრჩეველთა საბჭოში.

„აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში, სადაც არ არის ასახული ის პრობლემები, რაზეც ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი საუბრობდნენ. თითქოს ახლა გახდა მათთვის ცნობილი, რომ თურმე პრობლემებია. თუ ასეთი პრობლემები იყო, როდესაც შემოვიდა ეს ანგარიში, იქ უნდა ყოფილიყო ასახული.

რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი დარცმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით იყო წარმოდგენილი, ჩვენ გვახსოვს ადამიანები, რომლებიც დახარბდნენ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებებს და როგორც ჩანს, პირადმა ინტერესებმა სძლია ამ შემთხვევაშიც საზოგადოებრივ ინტერესებს და ტელევიზიის მომავალს,“ – განაცხადა გია აბულაძემ ბრიფინგზე.

გია აბულაძე „გაბრაზებული ბათუმელების“ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს. ამ ორგანიზაციამ „აჭარის ტელევიზია“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ფორმით დაიწყო დამოუკიდებელ ტელევიზიაში ჩარევა.

„თავს ნამდვილად უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ მას [ირაკლი დარცმელიძეს] ეს პოზიცია პარტიასთან არ შეუთანხმებია, ოფისშიც დიდი ხანია არ მინახავს… პარტიის კვოტით მრჩეველთა საბჭოში შესული მეორე წევრი, ბეჟან გობაძე, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com