როგორ დავეხმაროთ ბავშვს მშობლის გარდაცვალებისას



ოჯახის წევრის გარდაცვალება ყოველთვის შოკისმომგვრელი და სტრესულია, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო ამ დროს ბავშვების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუ ბავშვს ამ ფაქტს სწორად არ მივაწოდებთ, სტრესი შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და შემდგომში მისი კორექცია გაჭირდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? – „ბათუმელების“ შეკითხვებს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი პასუხობს.

  • რა ხდება, როცა ბავშვი კარგავს მშობელს?

რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის არის უდიდესი ტრავმა, სტრესი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს, თუ სწორად არ მივაწოდებთ ამ რეალობას. დავიწყოთ იმით, რომ ქართველები ყველა ემოციას ძალიან ექსპრესიულად, ხმამაღლა გამოვხატავთ, განსაკუთრებით გლოვას. უმეტესად ხდება კივილით, ტირილით და ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მშობლის დაკარგვა თუ რაიმე სხვა ტკივილი, ამის მიწოდება ბავშვისთვის ამ ფორმით არის ძალიან დამთრგუნველი. როცა ეს პრობლემა დგება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივაწოდებთ ბავშვს ამას.

  • რამდენად სწორია, როცა ბავშვს შერბილებული ფორმით უხსნიან მშობლის გაუჩინარებას?

ირმა ფეიქრიშვილი, ფსიქოლოგი

ბავშვს უნდა ვუთხრათ სიმართლე, ის არ უნდა მოვატყუოთ. მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა  მომიყვანს პატარა ბიჭი, რომელსაც უთხრეს, რომ დედა წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, შემდეგ უთხრეს, რომ მუშაობს, რათა ბავშვს არ ენერვიულა მკურნალობაზე. ახლა ნახეთ როგორი რამ ხდება, ბავშვი ფიქრობს, რომ დედამ ის მიატოვა, თავისი ნებით დატოვა და წავიდა. ეს ბევრად უფრო რთულია აღსაქმელად ბავშვისთვის, უფრო ღრმა სტრესია, ვიდრე ის, რომ ავუხსნათ, დედა იყო ავად და ის ამის გამო არ არის მის გვერდით და თუნდაც ის, რომ გარდაიცვალა. ბავშვებისთვის “გარდაიცვალა” ისეთი აღსაქმელი იქნება, როგორც მივაწოდებთ. მაგალითად, თუ ვტირით დღე და ღამე, ვამბობთ, რომ საშინელება მოხდა, დედა/მამა გარდაიცვალა, ბავშვი ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და ხვდება, რომ ეს არის დასასრული მათი ურთიერთობის. ბავშვი იწყებს გლოვას, ვერ ინელებს ამ ყველაფერს.

  • სხვა რა საფრთხეები არსებობს ასეთ დროს ბავშვთან მიმართებაში?

ამ დროს ყველაფერს ემატება ისიც, რომ ბავშვი ყველას ეცოდება, ბოლოს კი საკუთარი თავის შეცოდების მომენტიც დგება. აქ ცხოვრებისეული სცენარი შესაძლოა ორი მიმართულებით განვითარდეს: ბავშვი ჩაიკეტოს და დაითრგუნოს – “ყველა ტირის,  დედა/მამა აღარ მყავს, საწყალი ვარ”. ან მივიღოთ მეორე სცენარი, რომელიც უფრო ხშირია – “ვაიმე ბავშვს მშობელი გარდაეცვალა და რაიმე არ ეწყინოს, გული არ ეტკინოს”. შედეგად ვიღებთ დარღვეულ ქცევას, ბავშვი იწყებს მანიპულირებას ამით და იმდენად ერღვევა ქცევა, რომ შესაძლოა სოციუმშიც კი გაუჭირდეს საკუთარი თავის დამკვიდრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერება და ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება. სიმშვიდეში, როცა არ იქნება ბევრი ხალხი, ვაჩვენოთ მიცვალებული, უნდა ვუთხრათ, რომ გარდაცვლილი მშობელი იმიტომ ვეღარ მოვა, რომ სხვა სამყაროში უნდა გადავიდეს. მივიყვანოთ სასაფლაოზე, დაემშვიდობოს, მივიდეს და ესაუბროს, როცა მას ექნება ამის სურვილი – ასე, უფრო მარტივად მოხდება ამ დანაკარგის აღქმა და მონელება.

არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა ვუთხრათ მიცვალებულზე, რომ მას სძინავს და ვეღარ გაიღვიძებს – შეიძლება ბავშვში განვითარდეს შიში იმისა, რომ დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს.

  • აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია?

ძალიან კარგია თუ არის საშუალება, რომ ჩაერიოს სპეციალისტი, მაგრამ უმჯობესია კონსულტაცია გაიარონ ბავშვის ოჯახის წევრებმა იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცნენ და რა გააკეთონ ბავშვთან, რადგანაც უცხო ადამიანისგან ბავშვისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ დროს შესაძლოა არ იყოს ადვილად აღსაქმელი. აქ ბავშვის ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ის არის 5-6 წლამდე ასაკის, უმჯობესია, ზღაპრების სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მშობელი წავიდა და ის ვეღარ დაბრუნდება, რომ ეს არის გარდაცვალება, სხვა სამყაროშია და შენთან ვეღარ მოვა.

  • როგორ ვიქცევით, როცა ბავშვს ენატრება გარდაცვლილი მშობელი?

მონატრება გარდაუვალია. როცა მშობელი გარდაიცვლება, ბავშვს პირადი სივრცე ერღვევა, ბავშვი კარგავს სიახლოვეს, ამ შემთხვევაში საჭიროა მასთან საუბარი გამომშვიდობების შესახებ, საამისოდ გამოდგება ფოტოალბომი, ბავშვის სასაფლაოზე წაყვანა, თუმცა ყევლაზე კარგი საშუალება მისი ყურადღების გადართვაა სხვადასხვა აქტივობაზე. გავასეირნოთ, ვეთამაშოთ, ყურადღების გადატანის საშუალებით შევძლოთ მისი ტკივილის გაქარწყლება. არ ვაჩვენოთ ჩვენი გლოვა, რომ მისთვის ეს მტკივნეული და მძიმე არ იყოს.

ხშირია, როცა ბებია (შვილის დამკარგავი მშობელი) მტკივნეულად განიცდის მომხდარს და, რა თქმა უნდა, ეს მისთვის დიდი სტრესია. სტრესის დროს ადამიანები გავდივართ ეტაპებს, პირველია უარყოფა – “ეს მე არ მჭირს, არ დამმართნია”. აი ამ პერიოდში ცოტა უფრო შეუძლიათ ემოციის მართვა, მაგრამ ხშირად არაადეკვატურად. შემდეგ იწყება ამ ყველაფრის გააზრება და ბოლო ეტაპია მიმღებლობა, როცა უნდა მივიღოთ ეს სტრესი და დასრულდეს გლოვა. მაგრამ ხშირად მშობელი, რომელიც შვილს კარგავს, დიდხანს არის ერთ ეტაპზე, მიმღებლობის ეტაპზე ვერ გადადის, ვერ იღებს ამ რეალობას და გლოვა გრძელდება უსასრულოდ. ამ ყველაფერს აკეთებენ ბავშვთან, ბავშვს უყვებიან – ნახე, როგორი კარგი მშობელი გყავდა, ტირიან მასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, ბავშვს მშობელი არ უნდა დაავიწყო, უნდა იცოდეს, რომ მას ის ყავდა და მასთან ერთად იყო, ამასთან უნდა ავუხსნათ, რომ ხდება ასეც – ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ვაჩვენოთ პირადი მაგალითი.

ასევე, ბავშვებს ძალიან თრგუნავს შავი ფერი და მუდმივი გლოვა. ერთჯერადი ძლიერი სტრესი უმეტესად არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ ყოველდღიური მცირე სტრესები აბსოლუტურად ანგრევს ფსიქიკას და ეს უფრო სახიფათოა. უფროსებმა უნდა შექმნან გარემო, რომ ბავშვმა ეს ყველაფერი მარტივად მიიღოს. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ როცა ოჯახში არის ბავშვი, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პრიორიტეტი არის მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

  • უკეთესია თუ არა იმავე გამოცდილების მქონდე ბავშვთან მეგობრობა?

არანაირად, ტკივილის და პრობლემის განზოგადება პრობლემას არ აკნინებს და მას ბავშვისთვის უფრო მარტივად მისაღებს არ ხდის. პირიქით, შეიძლება ტკივილმა გააერთიანოს ისინი და ბევრი იფიქრონ ამ ტკივილზე, რაც საერთოდ არაა საჭირო. პირიქით, თანატოლებმა სიხარულით უნდა შეუვსონ სიცარიელე. ეს დანაკლისი ყოველთვის იქნება მისთვის მტკივნეული და როცა რაღაც წინააღმდეგობა შეხვდება, შეიძლება ამას ყველაფერს ახსნა ჰქონდეს მის ცნობიერებაში, რომ ეს იმიტომ შეემთხვა, რომ მას მშობელი არ ჰყავს. ეს რომ არ მოხდეს, მას მაქსიმალურად უნდა მივცეთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, ჩავრთოთ რაიმე აქტივობაში, დავაკავოთ, რომ ნაკლები იდარდოს. შეიძლება ეს იყოს ხატვა, ძერწვა, სპორტი, რაშიც ბავშვი სიამოვნებას მიიღებს. ეს მას დაეხმარება სტრესის დაძლევაში.

რელიგიის ფაქტორი შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ ბავშვი იზრდება რელიგიურ ოჯახში, რომლის წევრებიც ტაძარში დადიან, სანთელს ანთებენ და ა.შ. ეს შეიძლება იყოს დანამატი, მაგრამ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ როგორც ფაქტი, რომ, ზოგადად, ყველა გარდაიცვლება. ასევე, როცა ვთამაშობთ ბავშვთან, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მშობელი, არ არის საჭირო თამაშში ამ სიტყვების [გარდაიცვალა, მოკვდა] გამოყენება, ამას მისთვის სხვა მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია სხვა სიტყვები გამოვიყენოთ, თამაშიდან გავვარდი, მაგალითად.

  • რა ხდება, როცა მშობლის გარდაცვალებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, ბავშვი კი კვლავ სენსიტიურია ტერმინებისადმი? 

ბავშვი ნელ-ნელა გადავა მიმღებლობის ფაზაში, რა დროსაც სტრესი იმდენად მტკივნეული არ არის, რის შემდეგაც ამ ტერმინებს არაფრად ჩააგდებს. მიიჩნევა, რომ გლოვა მაქსიმუმ ერთი წელი გრძელდება დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც. ერთი წელი ადამიანს სჭირდება ამ ეტაპების გასავლელად, ბავშვებს უფრო ნაკლები, გააჩნია, როგორ მივაწოდებთ. თუ უფროსებთან გლოვა ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება, მათ დახმარება სჭირდებათ, რომ ეს ყველაფერი უკვე ბავშვებზე არ აისახოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან