რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე



„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს.

რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“.

რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. სამივე მათგანი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არიან. მათ ვკითხეთ, რას ელიან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის რეჟიმად გამოცხადების შემთხვევაში და ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ ხომ არ მოითხოვდნენ დეპუტატები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.

„საერთოდ, რეზოლუცია გულისხმობს იმას, რომ პარტია უნდა აიკრძალოს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმის ავანგარდში,“ – მიიჩნევს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, პროფესიით ექიმი კობა ნაკაიძე. ასეთია დეპუტატის დამოკიდებულება იმის მიუხედავად, რომ ამ რეზოლუციის ავტორი არ არის „ქართული ოცნება“, რომელსაც თავად წარმოადგენს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი პარტიის საქმიანობის აკრძალვას არ ითვალისწინებდა.

კობა ნაკაიძე მიიჩნევს, რომ საკამათო იქნებოდა, დემოკრატიულია თუ არა ეს პროცესი, მაგრამ „ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას,“ – ამბობს ის.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი რეჟიმის შეფასების გარდა, კონკრეტული მოთხოვნის შესრულებასაც ითვალისწინებდა.

„6 თვის განმავლობაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები“, – აღნიშნულია რეზოლუციის კანონპროექტში.

ვინ არიან „ფიგურანტი პირები“? რატომ სჭირდება დამნაშავის დაკავებას პარლამენტში რეზოლუციის მიღება? რატომ უნდა დაუწესოს პარლამენტმა კონკრეტული ვადა პროკურატურას პოლიტიკური ოპონენტების პასუხისგებაში მისაცემად? – ამ კითხვებზე დეპუტატებს მკაფიო პასუხი არ აქვთ.

კობა ნაკაიძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში: „კონკრეტულ პირებზეა საუბარი, ვინც სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა. ეს ალბათ გადავა სამართლებრივ სივრცეში და იქ განიხილება. ეს იყო „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა და მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ არის საჭირო რეზოლუციის მიღება, თუკი ვინმემ დანაშაული ჩაიდინა და დასაჭერია. მე ამ რეზოლუციის შინაარსს დავუჭირე მხარი, რადგან მას ვეთანხმები.“

ფატი ხალვაში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში: „ვისაც დაუდასტურდება დანაშაულებრივი ქმედება, უნდა დაისაჯონ, აბა როგორ? უგულავა იხდიდა სასჯელს, ვანო მერაბიშვილი იხდის. კიდევ ბევრი ადამიანია, სხვადასხვა დანაშაულის მონაწილე… მაგალითად, სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, რომელიც შავი ფულის შემგროვებლად იყო მოაზრებული. თუკი დაუდასტურდებათ დანაშაული, რაზეც ხალხი საუბრობს, უნდა ვაპატიოთ, პასუხი არ უნდა აგონ?“

განსხვავებულად ფიქრობს ნუკრი ბეჟანიძე,  ბათუმის კიდევ მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. „მე მხარი დავუჭირე იმას, რომ გავაანალიზოთ ის წლები. ის პერიოდი აღარ უნდა განმეორდეს. მე არ ვემხრობი ვინმეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან იმას, რომ პარტია უნდა აიკრძალოს,“ – ამბობს ის.

რას ცვლის „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადება?

დეპუტატმა კობა ნაკაიძემ კითხვითვე გვიპასუხა: „მათ შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. არ იყო მხოლოდ ის, რომ ვერ მართავდა. როგორ ფიქრობთ, ფაშისტური რეჟიმის აკრძალვა თავის დროზე გერმანიაში არ იყო დემოკრატიული პროცესი?“

ფატი ხალვაში კი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეფასების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან გაქრებოდა.

„თუკი გამოიკვეთებოდა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, როგორ შეიძლება ისინი იყვნენ პარლამენტში, ან სადმე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე? მაგრამ რეზოლუცია ვერ მივიღეთ. არ ვიცი, არ მივიღეთ, თუ ვერ მივიღეთ,“ – დასძინა ფატი ხალვაშმა.

რეზოლუციის სახელწოდებაში მოხსენიებული გიგა ბოკერია ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, გიგა ბოკერიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურას არ უწარმოებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი