მთავარი,სიახლეები

რატომ არ უნდა აშენდეს ბათუმში ცათამბჯენები

04.10.2018 • 8624
რატომ არ უნდა აშენდეს ბათუმში ცათამბჯენები

რეალურად რა პრობლემებს უქმნის ბათუმს ცათამბჯენები, თუ ეს მართლა კომპლექსია, როგორც ამას ბათუმის მერი ამბობს? და თუ ეს ასეა, რამ გააჩინა ასეთი კომპლექსი? – ამ თემებზე „ბათუმელებს“ ურბანისტი, კულტუროლოგი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი, ცირა ელისაშვილი ესაუბრა.

  • ქალბატონო ცირა, ბოლო დროს ბათუმში ნებართვაგაცემული პროექტების უმეტესობა მაღლივია, რაც საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტს იწვევს, მერი კი ამბობს, რომ საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი აქვს. თქვენი აზრით, რატომ არ შეიძლება ბათუმში ე.წ. ცათამბჯენების მშენებლობა? 

რა საინტერესო მერი გყავთ. ნებისმიერი ქალაქის განვითარების ხაზს განსაზღვრავს ამ ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილი, თუ ჩვენ საკითხს ვსვამთ ასე, რომ ცათამბჯენები უნდა აშენდეს ძველი ბათუმის ნგრევის ხარჯზე, პასუხი ცალსახაა – ამის გაკეთება არ შეიძლება. თუ საუბარია იმაზე, რომ ქალაქგანვითარების თვალსაზრისით ახალი ტერიტორია გაჩნდეს ახალი ბათუმის სახით და იქ განაშენიანების კოეფიციენტები იყოს უფრო მაღალი, ვიდრე დანარჩენ ქალაქში, ამის განხილვა კიდევ შეიძლება. ეს თემა შეიძლება იყოს სამსჯელო, სადავო და ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება კონსესუსს მივაღწიოთ ან არ მივაღწიოთ, მაგრამ ეს განსჯის საგანია.

რაც შეეხება ცათამბჯენების საკითხს.  არქიტექტურა, რომელიც უნდა აშენდეს, [კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, არა ისტორიული ბათუმის ტერიტორიაზე და არა კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე], ისეთი უნდა იყოს, რომელიც არ ჩამოუვარდება დროს, იქნება ახალი და ინოვაციური სიტყვა არქიტექტურაში, რომელიც, გვთავაზობს საპორტო, საზღვაო ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე დაპროექტებულ ქალაქს. ეს ის თემაა, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება იყოს  საკამათო, მაგრამ ამაზე მსჯელობა ღირს.

  • ანუ კომპლექსი შეიძლება მართლა არსებობდეს?

თუ ეს კომპლექსი არსებობს, რატომ გვაქვს ეს კომპლექსი? იმიტომ, რომ მაგალითები, რომლებიც არსებობს ბათუმის ტერიტორიაზე, ეს არის ისეთი ქრესტომათიული, რომლებიც შეიძლება მოვიყვანოთ სალექციო კურსის ფორმატში ქეისად, როგორც წარუმატებელი, ანუ შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ. ამით თუ იქნება ბათუმი სამაგალითო, ანუ ნეგატიური კონტექსტით, სამწუხაროდ და არა დადებითი თვალსაზრისით. ასეთი ტიპის ცათამბჯენებმა ჩაკეტა ბათუმისთვის ტრადიციული გამჭოლი, სივრცეები. თქვენ რომ დადგეთ ქუჩის ნებისმიერ მონაკვეთზე და გაიხედოთ ზღვის სანაპიროსკენ,  ეს გამჭოლი ქუჩები, რომლებიც პირდაპირ გადიოდა ზღვაზე, ახლა ჩახერგილია მრავალსართულიანი შენობებით, რაც არ არის სწორი განვითარების მაგალითი. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას და თუ კომპლექსი არსებობს, ამის კიდევ ერთი საფუძველი გახლავთ ის რომ, არ შეიძლება ასეთი ტიპის ნაგებობები აშენდეს პირველ ზოლში, რომელიც გადის სანაპიროზე, იმიტომ, რომ პერსპექტივა არსებობს ზღვის სანაპიროდან და ქალაქიდან ზღვისაკენ, რომელიც უნდა იყოს დაცული.

თუ მრავალსართულიანს პირდაპირ პირველ ზოლზე დგამ, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ ქალაქს აკარგვინებ ზღვის თემას, ისე, რომ ზღვას აღარ უშვებ ქალაქში. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა, რომელიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ვეჭვობ, რომ ეს გაანალიზებულია ბათუმის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ ვინმე ეწინააღმდეგება განაშენიანებას, სწორედ იმიტომ, რომ ანალიზი არ გაკეთებულა იმისა, რა მოხდა. აქედან გამომდინარე, არ ვიცით რა არის შეცდომა და ამ შეცდომას ჩვენ არ ვითვალისწინებთ უკვე შემდგომი განვითარებისათვის.

  • ახალი მერი საუბრობდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მნიშვნელობაზე, ძველი ბათუმის გადარჩენაზე. დღეს არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მთავარია პროექტი იყოს მისაღები და ის შესაძლოა მოსაწონი არც იყოს, მთავარია ინვესტორი არ გაბრაზდეს. 

ბათუმი არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, მაგრამ რადგან ბათუმზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, რომ ბათუმის ყველა ხელისუფლებისათვის ინვესტორი წარმოადგენდა ღმერთს, ისინი უპირობოდ ემორჩილებოდნენ ინვესტორის სურვილებს, ინტერესებს, მადას და ასე შემდეგ. აი, ეს არის სწორედ ურბანული ქაოსის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ბათუმმა დაკარგა ის ისტორიული სახე, რომელიც მას ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. რას ნიშნავს, რომ პროექტი უნდა იყოს მისაღები, რა კრიტერიუმებით ვაფასებთ?!

  • მერიაში ამბობენ, რომ მთავარია, ის პასუხობდეს რეგულაციებს.

და რამდენი მაგალითის დასახელება შეგვიძლია, როცა ეს რეგულაციები დაირღვა და ისე აშენდა ესა თუ ის ნაგებობა, რამდენი მაგალითი ვიცით, როდესაც ძეგლის სტატუსის მქონე შენობას სტატუსს არ უხსნიან, თუმცა დანგრევის საშუალებას აძლევენ ინვესტორს და მერე სიმბოლურად აჯარიმებენ, უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ არ ჯარიმდება ეს ადამიანი და იქ ვიღებთ მაღალსართულიან მშენებლობას. 

ბათუმი იმიტომ იყო გამორჩეული სხვა ქალაქებისაგან, რომ ის თავის დროზე ადამიანის მასშტაბზე მორგებული ქალაქი იყო.  ფორმულა, რითაც ეს ქალაქი აშენდა, რომ ქუჩაზე სახლის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო ქუჩის სიგანეზე მეტი, დარღვეულია იმ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვეძახით ისტორიულ ბათუმს. თბილისშიც  ხდება იგივე, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ მასშტაბი ჩარევისა ბათუმში უფრო მეტია და უფრო მძაფრად აღიქმება, ვიდრე თბილისში. ბათუმი თავისი არქიტექტურული ხასიათით უფრო ერთგვაროვანია. აქედან გამომდინარე, აქ ხელისგულივით ჩანს ყველა დარღვევა, შეცდომა და დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უფრო მასშტაბური და რთული პროექტებია განხორციელებული. 

  • მშენებლები უმეტესად აქცენტს აკეთებენ ზღვისპირა ზოლზე, იმიტომ რომ აქ უფრო ძვირად იყიდება ბინები. ისიც ხომ არ არის პრობლემა, რომ მერიამ ვერ მოახერხა საინტერესო იდეების შეთავაზება სხვა უბნებისთვის, ვერ დააინტერესა ამ მხრივ ინვესტორები?

ეს ნამდვილად არის პრობლემა. სულაც არ არის აუცილებელი მერი იყოს ურბანისტი, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ შექმნას პროფესიონალთა ჯგუფი, რომელსაც დაეკითხება და ის უნდა ხედავდეს ქალაქის განვითარების მისეულ გეგმას, ეს არის მნიშვნელოვანი. ნიკო ნიკოლაძე არ ყოფილა ურბანისტი, არც არქიტექტორი, მაგრამ ქალაქის განვითარების მისი იდეები ნიკოლაძის შემდეგაც ათწლეულების მანძილზე ხორციელდებოდა, იმიტომ, რომ ეს მიმართულება და ხედვა იყო სწორი. ამ შემთხვევაში ეს არის პრობლემა, რომ ისინი სამწუხაროდ ასათვისებელ ტერიტორიას ხედავენ მხოლოდ არსებული ბათუმის ხარჯზე და არა სადმე სხვაგან, იმ არსებული ლანდშაფტის ხარჯზე, რომელსაც, ჰქვია მწვანე კონცხი ან რაიმე სხვა სახელი. აი, ეს არის პრობლემა, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და ვხედავთ თუ არა გამოსავალს, არც ერთ ამ კონტექსტში მათ გამოსავალი ვერ ექნებათ.

  •  ჩვენ გვაქვს ასევე მოცემულობა, როცა მოქმედი მერის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, მათ მიერ დანიშნული არქიტექტურის სამსახურის უფროსები სამშენებლო კომპანიებში წავიდნენ სამუშაოდ. ეს რაიმეს გვეუბნება?

ეს პირდაპირ გვეუბნება სათქმელს. მენაშენე არქიტექტორები, რომლებიც ხან გადაწყვეტილებების მიმღებები არიან და ხან ოდიოზური პროექტების ავტორები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ღუპავენ ქალაქს. საერთოდ ჩვენში არსებობს კოლეგიალობის ძალიან არასწორი გაგება, რაც ბათუმზეც აისახება. არქიტექტორი თუ დღეს არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და თავისი კოლეგის პროექტზე უარს იტყვის, არსებობს შესაძლებლობა, რომ ხვალ ის ჩაანაცვლოს არიქიტექტორმა, რომელსაც  დღეს მასთან  შემოაქვს პროექტი განსახილველად.  ამიტომ არის, რომ ხელი ხელს ბანს ამ თვალსაზრისით და ესენი ერთმანეთის ტყავს არ ხევენ. ამ პერსპექტივაში გათვლილი ნაბიჯის გამო და ეს უფრო კორუფციულ სქემას ჰგავს. ისე, არქიტექტორები ძალიან სცოდავენ ბათუმთან მიმართებაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშენებენ იქ, სადაც არ უნდა ააშენონ, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ აშენებენ ისე, როგორიც არ უნდა აშენდეს.

ამავე თემაზე: 

ქალაქი შენი ფანჯრიდან

გადაბეჭდვის წესი