მთავარი,სიახლეები

ბინაზე მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისათვის – ახალი პროგრამა

21.09.2018 • 4169
ბინაზე მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისათვის – ახალი პროგრამა

ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ზოგიერთ პაციენტს ბინაზე მისვლით ემსახურებიან. პროგრამა მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზეა გათვლილი, რომლებიც სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ამბულატორიას აღარ აკითხავენ, მედიკამენტებს სხვადასხვა მიზეზით აღარ იღებენ და მკურნალობას წყვეტენ. ბათუმში ამ დროისთვის მობილური ჯგუფი ბინაზე 65 ადამიანს აკითხავს. რიგშია დაახლოებით 80 ადამიანი. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მონაცემებით, ამ სერვისის მიღება ასობით ადამიანს სჭირდება.

„დამატებით მოთხოვნა არ ყოფილა, ვისაც სჭირდება, ყველა იღებს მომსახურებას,“ – ამბობს მარინა რუხაძე, ბათუმის მერიის ჯანდაცვის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. ბათუმის მერიამ მობილური ჯგუფის მომსახურებაზე პირდაპირი შესყიდვა მაისში გააფორმა ბათუმის სამედიცინო ცენტრთან [ბათუმის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო] და 50 პაციენტის მოვლისთვის 8 თვის განმავლობაში 51 600 ლარი გამოყო. მობილურ გუნდში შედიან: ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ექთანი და სოციალური მუშაკი. გუნდმა პაციენტი მინიმუმ თვეში რვაჯერ მაინც უნდა მოინახულოს.

პირდაპირი შესყიდვის დოკუმენტაციაში ბათუმის მერია აღწერს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 3 ათასი ადამიანია აღრიცხული ბათუმში, ხოლო ამბულატორიას აქედან დაახლოებით 300-350 ადამიანი აკითხავს, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. მერია ამ ციფრებით ასაბუთებს პროგრამის განხორციელების აუცილებლობას, პირდაპირ შესყიდვის გამოყენებას კი იმით ხსნის, რომ ფსიქიატრიული ხასიათის სამედიცინო მომსახურების დროს პირის მონაცემები კონფიდენციალურია და მსგავს პროგრამაზე ტენდერი ვერ გამოცხადდება.

„ეს მონაცემები პერიოდულად იცვლება. 3 ათასი, ალბათ, მთლიანად აჭარის მასშტაბით არის ეს მაჩვენებელი… ეს არის გარკვეულწილად საპილოტე პროგრამა. სამი-ოთხი თვე პროგრამის შესაფასებლად საკმარისი არ არის. ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვამოწმებთ პერიოდულად მობილური გუნდის მუშაობას,“ – გვითხრა მარინა რუხაძემ, ბათუმის მერიის ჯანდაცვის პოლიტიკის სამსახურის უფროსმა.

ბათუმში დამატებით 15 ადამიანს ბინაზე მისვლით კიდევ ერთი მობილური გუნდი ემსახურება, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ბათუმში ეს პროგრამა წელს ამოქმედდა. აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ბინაზე მისვლის სერვისი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებისთვის გასული წლის შემოდგომიდან არსებობს. ყველა შემთხვევაზე მუნიციპალიტეტებმა პირდაპირი შესყიდვა „ბათუმის სამედიცინო ცენტრთან“ გააფორმეს. თითოეულ მუნიციპალიტეტს თითო მობილური გუნდი ემსახურება.

როგორ უნდა ჩაერთოს ადამიანი ამ პროგრამაში? – ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ განცხადება „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ უნდა დაიწეროს. სამედიცინო ცენტრში კი აღნიშნავენ, რომ ადგილები შევსებულია.

„მაშინ ვინმე უნდა ამოვარდეს, კონკრეტულ პირს უარი უნდა ვუთხრათ… ჩანს, რომ პროგრამამ გაამართლა, რადგან ჩვენი მიზანი იყო სტაციონირების შემცირება. ჩვენი მიზანია სტაციონარს მიღმა განვითარდეს მომსახურება და ადამიანებს ოჯახურ გარემოში შეეძლოთ მკურნალობის მიღება,“ – გვიყვება დიანა თურმანიძე, მობილური გუნდების კოორდინატორი.

დიანა თურმანიძის თქმით, ბათუმში ამ დროისთვის დაახლოებით 80 ადამიანი უკვე ითხოვს პროგრამაში ჩართვას. „არის შემთხვევები, როცა შეთავაზების მიუხედავად თავად პაციენტებს ან მათ ოჯახებს უარი უთქვამთ. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება, ან მისი დაცვა. მაგალითად, იწყება მკურნალობა და შემდეგ ოჯახი უარს ამბობს მის გაგრძელებაზე. ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა ამ მიმართულებით. პროგრამის მთავარი მიზანია, ეს პაციენტი ისევ სტაციონარში არ მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ახალი დაწყებულია პროგრამა, ერთი ადამიანი მოხვდა ისევ სტაციონარში. ზოგად მაჩვენებელს თუ შევხედავთ, მკვეთრად იკლო სტაციონარში დაბრუნების მაჩვენებელმა,“ – აღნიშნავს დიანა თურმანიძე.

როგორ შეარჩია „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ ის პაციენტები, რომლებიც ამჟამად ადგილზე მისვლის პროგრამაში არიან ჩართული?

„ჩვენ გვქონდა ამ ადამიანების ისტორიები, შევისწავლეთ… რთული იყო შერჩევა, რადგან რეალურად ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ეს სჭირდება. შევარჩიეთ, პირველ რიგში, ის პირები, ვისაც ყველაზე მწვავე ფორმით ჰქონდათ დაავადება და ვისი მკურნალობაც სახლის პირობებში შესაძლებელია. იმედია, მერია დააკვირდება ამ პროცესს და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვის შესაძლებლობა გაჩნდება. ამ გზით თავიდან ავიცილებთ ადამიანების სტაციონირებას. ეს პაციენტისთვის კარგია და დამატებითი ხარჯებიც შეუმცირდება სახელმწიფოს,“ – გვითხრა ლევან კოხრეიძემ, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.

რას აკეთებს მობილური გუნდი პაციენტთან ბინაზე მისვლის დროს? – ექიმი-ფსიქიატრი ლევან კოხრეიძე განმარტავს, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ ექიმი მკურნალობის გეგმას ადგენს, შემდეგ კი კონკრეტული საჭიროების მიხედვით გრძელდება მკურნალობა.

„სოციალური მუშაკი ცდილობს მოაგვაროს სოციალური პრობლემები, რის მოგვარებაც შეიძლება. ფსიქოლოგი გეგმავს ფსიქოთერაპიის ფორმას, რომელიც მისაღებია კონკრეტული პაციენტისთვის. ექთანი აკეთებს მანიპულაციებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პაციენტები თავად გვირეკავენ ტელეფონზე პერიოდულად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პაციენტის ოჯახის წევრების სწავლებას, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რა დროს უნდა დაუთმონ პაციენტს რაღაც, როდის უნდა მიხვდნენ, რომ დათმობას აზრი აღარ აქვს და კლინიკას უნდა მიმართონ…“ – გვიყვება ლევან კოხრეიძე.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ბოლო მონაცემებით, მთლიანად აჭარაში 10 980 ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი ცხოვრობს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. ქობულეთში  1907 ადამიანია აღრიცხული, ბათუმში – 3000, ხელვაჩაურში – 3671, ქედაში – 625, შუახევში – 793, ხულოში – 984.

მთავარი ფოტო: მობილური ჯგუფი ხელვაჩაურში პაციენტთან ვიზიტის დროს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფოტო.

მობილური ჯგუფი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში პაციენტთან მიდის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: