რა დახარჯა მთავრობამ – ამის გაგება მოქალაქეებს მარტივად უნდა შეეძლოთ

„მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას უზამს ინფორმაციას,“ – თქვა დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Transparify“-ს დირექტორმა, ჰანს გუტბროდმა. გამჭვირვალობის გამოწვევებზე სასაუბროდ ის ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია.

ჰანს გუტბროდს „ბათუმელებმა“ შესვენების დროს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ბატონო ჰანს, თქვენი ორგანიზაცია „Transparify“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების გამჭვირვალობას სწავლობს, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან. როგორია მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? 

ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სამაგალითოა მსოფლიოსთვის. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 12 საუკეთესო ორგანიზაციას შორისაა. ჩვენ ვახდენთ რანგირებას ორგანიზაციის გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით, შემდეგ კი ვამყარებთ კომუნიკაციას ორგანიზაციასთან, რომელსაც მონაცემები საჯაროდ არ უდევს, ან რაც გამოქვეყნებული აქვს, დამუშავებული არ არის. სტანდარტი მარტივია: ვინ აფინანსებს, რამდენით და რა მიზნით? – ეს მონაცემი ყველა ორგანიზაციას საჯაროდ უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული. ეს სტანდარტი მუშაობს პატარა ორგანიზაციისთვისაც, მაგალითად, პაკისტანში და დიდისთვის – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აპირებთ თუ არა იმუშაოთ საქართველოში საჯარო ორგანიზაციების შეფასებაზე იგივე გამჭვირვალობის კუთხით?

არა, ამას არ ვაპირებთ, თუმცა არსებობს პრაქტიკა, როცა ჩვენი მეთოდოლოგია გამოუყენებია სხვა ორგანიზაციას სახელმწიფო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესაფასებლად. სახელმწიფო ორგანიზაციას კანონით აქვს გაწერილი ვალდებულება, რომ ინფორმაცია მუდმივად მიაწოდოს მოსახლეობას. სახელმწიფო ორგანიზაციას გამჭვირვალე უნდა ჰქონდეს განახლებადი ინფორმაცია: რას ხარჯავს, სად და როგორ. რაც მთავარია, ეს ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად მოძებნადი და მარტო ექსპერტებს არ უნდა შეეძლოთ მისი მოძიება. რიგით მოქალაქეს მარტივად უნდა ჰქონდეს წვდომა საჯარო დაწესებულების მიმდინარე ხარჯებზე.

შეხვედრაზე თქვენ ისაუბრეთ ადვოკატირების შესახებ. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მედიამ გამჭვირვალობის მისაღწევად? 

ადვოკატირების სხვადასხვა ფორმა არსებობს. იყო აქ მოსაზრება: ჟურნალისტი აქტიურ ადვოკატირებას უნდა უწევდეს კონკრეტულ საკითხებს, თუ, უბრალოდ, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ეს მედიის არჩევანია. მთავარია, ჟურნალისტებმა კითხვები დასვან. შემდეგ მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით მიაწვდის ის ამ ინფორმაციას საზოგადოებას. მედია უნდა ამოდიოდეს საზოგადოების ინტერესიდან, რომ მოქალაქეს უფლება აქვს იცოდეს, რაში იხარჯება მისი ფული.

რაც შეეხება ადვოკატირებას, გააჩნია რა თემას შეეხება ეს. სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობა ფუნდამენტური უფლებაა. მთავარია, მოსახლეობა იყოს აქტიური. მედია მუდმივად უნდა იყოს დაკავებული მოსახლეობის ინტერესის გაღვივებით. თუკი მოსახლეობა გახდება აქტიური, შემდეგ ის თავად გადაწყვეტს, რას უზამს ინფორმაციას, რომელიც უკვე მის ხელშია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი