ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და მოეწყობა სიჩქარის მზომი სექციები. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. „ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები,“ – აცხადებს შსს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში თბილისში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com