რის აშენება იგეგმება ახვლედიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ნაცვლად

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩის #13-ში მოქალაქეს ისტორიული ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა სურს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოქალაქე თეიმურაზ ტაკიძემ მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ამ სახლის ერთ-ერთი მესაკუთრეა.

ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახლის შესაძლო დემონტაჟზე მათ არავინ შეთანხმებია და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომ დღეს მათი საკუთრების შესაძლო დემონტაჟზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.  მათივე თქმით, მათთან იყო მისული რამდენიმე ინვესტორი, თუმცა მოლაპარაკება შეთანხმებით არ დასრულებულა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, თეიმურაზ ტაკიძე ისტორიული სახლის ადგილზე გეგმავს ახალი ოთხსართულიანი, მრავალბინიანი სახლის აშენებას მანსარდით.

დღეს სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე ამ პროექტზე მსჯელობისას აღნიშნეს ისიც, რომ ისტორიული სახლის გვერდით კიდევ ერთი ძეგლის ნიშნის მქონე სახლია და სააგენტო ამ სახლის გაძეგლებაზე მუშაობს.

ბათუმი. ახვლედიანის ქუჩა #15,  ფოტო: ცაგო კახაბერიძე

საუბარია ახვლედიანის #15-ში მდებარე, 1902 წელს აშენებულ ერთსართულიან ბელეტაჟზე. სახლზე შემორჩენილია ასევე ძველი მასკარონები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი