განათლება,მთავარი,სიახლეები

ესეი ტერორიზმის შესახებ ეროვნულ გამოცდებზე – პედაგოგის შეფასება

06.07.2018 • 16314
ესეი ტერორიზმის შესახებ ეროვნულ გამოცდებზე – პედაგოგის შეფასება

„ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება.  გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება”.

„როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმე ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი“.

აღნიშნული დავალება აბიტურიენტებმა 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე მიიღეს. სოციალურ ქსელ ფეისბუკში ესეის თეზისს, ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ თეზისი აბიტურიენტს უბიძგებს გაამართლოს ტერორიზმი, როგორც „პრობლემის გადაჭრის უკიდურესი საშუალება“.

ფეისბუკში მოქალაქეები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ  გამოცდების ეროვნულმა ცენრმა მათი აზრით, ტერორიზმი როგორც პრობლემის „გადაჭრის“ საშუალება, ისე წარმოაჩინა.

არის თუ არა აღნიშნული თეზისი პრობლემური გააზრების თვალსაზრისით და რამდენად მკაფიოდ არის ნაჩვენები დავალების მიზანი? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, განათლების სპეციალისტს ნინო ლომიძეს ესაუბრა.

შეიცავს თუ არა ტერორიზმის ამგვარი ფორმულირება იმის რისკებს, რომ მსჯელობა წავიდეს ტერორიზმის გამართლებისკენ?

„მე გავამახვილებდი ყურადღებას მოცემული დავალების სირთულეზე, რადგან ცოტა რთული გასაგებია, კონკრეტულად რის შესახებ მსჯელობას ითხოვს ეს თეზისი და რამდენად არის დაკავშირებული პირველი თეზისი – „ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება“, მეორე სამსჯელო თეზისთან, – „როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას“. ცოტა კავშირი მაფიქრებს, თუ რამდენად გასაგებად არის ჩამოყალიბებული.

თეზისის შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება,  ესეის ერთი დიდი დადებითი მხარე ის არის, რომ მოსწავლეს არ მოეთხოვება დათანხმება ან არდათანხმება, არამედ საკუთარი მოსაზრების წარმოჩენა. შესაბამისად, მოსწავლეს შეუძლია არ გაიზიაროს ან ერთი, ან მეორე შეხედულება“, – ამბობს ნინო ლომიძე.

მისი აზრით, თუკი ეროვნულ გამოცდაზე დაწერილი ესეის დიდ ნაწილში ტერორიზმი იქნება წარმოჩენილი, როგორც „პრობლემის გადაჭრის უკიდურესი საშუალება“, ეს იქნება კარგი ინდიკატორი იმის, თუ რა ღირებულებებს ვასწავლით და როგორ აზროვნებას ვუყალიბებდით ადამიანებს 12 წლის მანძილზე:

„ამ თეზისის პრობლემა გამოიკვეთება მაშინ, თუკი აბიტურიენტების დიდი ნაწილი თავის არგუმენტებს ტერორიზმის გასამართლებლად გამოიყენებს“.

ნინო ლომიძის თქმით, გაკვეთილებზე შეიძლება ნებისმიერ თეზისზე უხდებოდეს მოსწავლეს მსჯელობა, მათ შორის ისეთ მიუღებელ საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა მკვლელობა:

„ვთქვათ, რამდენად შეიძლება ყოფილიყო გამართლებული ნესტანის და ტარიელის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი კლავენ ნესტანის საქმროს. ასეთი მსჯელობები კლასში გაკვეთილზე მიმდინარეობს. ამიტომ, საკუთრივ ამ ფორმულირებაში ვერ ვხედავ პრობლემას, უფრო თეზისის სირთულეშია პრობლემა, თუ რამდენად გასაგებად არის ჩამოყალიბებული გასააზრებელი საკითხი“.

კითხვაზე, შეფასდება თუ არა ესეი მაღალი ქულით, თუკი მსჯელობა ტერორიზმის გამართლებისკენ წარიმართება? ნინო ლომიძე ამბობს, რომ გამსწორებელი ასწორებს არა პოზიციის სისწორეს ან მართებულობას, არამედ არგუმენტების სიმყარეს:

„კრიტერიუმებში ასეა გაწერილი და არსად არ არის მითითებული, რომ აზროვნების ან შეხედულებების სისწორეს ამოწმებს ვიღაც. თუკი ამ კრიტერიუმით შეფასდება, ეს დაუშვებელია. თუნდაც ეს პოზიცია იყოს მიუღებელი“.

ნინო ლომიძის აზრით, მისაღები გამოცდები ღირებულებების თემაზე ვერ იმუშავებს, ეს უნდა იყოს 12 წლის განმავლობაში სამუშაო საკითხი, კურუკულუმებში, გაკვეთილებზე, მეთოდიკებში, ტექნიკებსა და სახელმძღვანელოებში: „ის, რასაც ესეიში დავინახავთ, უკვე პროდუქტია და შედეგია. თუკი ეს შედეგი არ მოგვწონს, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მათ [მოსწავლეებს] სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდეთ“.

პედაგოგის თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმებში და მიზნებში ასეც არის გაწერილი, მაგრამ მსგავსი საკითხები, იქნება ეს ტერორიზმი, ქსენოფობია, გენდერული საკითხები თუ სხვა, სიღრმისეულად არ ისწავლება სკოლაში და ამის ბევრი მიზეზი არსებობს:

„პროგრამული მასალა არის დიდი და მასწავლებელი იძულებულია გადაირბინოს, შინაარსობრივი მხარე რომ მოასწროს. ამიტომ მსჯელობისთვის, სიღრმისეული გააზრებისთვის და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის დრო ნაკლები რჩება“.

ლომიძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ სკოლებში ძალიან ცოტა დრო ეთმობა არგუმენტირებული თუ შეპირისპირებული ესეის წერას.

„რეპეტიტორების ინსტიტუტი ჩვენთან იმიტომაც არის მომძლავრებული, რომ აცდენაა სასკოლო და ეროვნული გამოცდების პროგრამებს შორის. თუმცა თუკი მასწავლებელი 12 წლის განმავლობაში სწორად მუშაობს, იგივე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე, ყველა ის უნარი, რაც მოეთხოვება აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებზე, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს“.

პედაგოგის თქმით, აბიტურიენტების მიერ დაწერილი ესეების კვლევა და ანალიზი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ამ ყველაფერმა შეიძლება კარგად აჩვენოს ამ თაობის ღირებულებათა სისტემა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: