განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

03.07.2018 • 5822
პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს. ტრენინგები იგეგმება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბულინგის პრევენციისა და მუზეუმების, როგორც საგანმანათლებლო რესურსის გამოყენების მიმართულებით. თითოეული მიმართულების გავლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საგანს ასწავლის პედაგოგი.

ცენტრის ინფორმაციით, ფრანგულის, გერმანულის, რუსულის, ქართულის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – ონლაინინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სხვადასხვა ვებგვერდებს, ონლაინინსტრუმენტების შექმნისა და გამოყენების ტექნიკას. დაგეგმავენ გაკვეთილს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს და კლასის დამრიგებლებს საშუალება ექნებათ, გაიარონ ტრენინგი „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნონ როგორც ბულინგის გამომწვევ მიზეზებს, ისე ძალადობის სახეებს, ტიპებსა და ფორმებს. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს კი, საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტუალური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.

მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილე მიიღებს კრედიტქულას. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

სატრენინგო პროგრამა დაფინანსებულია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისა და კერძო სკოლების იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: