ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო, რომელიც 25 ივნისს გაიხსნა – საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ახალი გზა სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ექსპერტები კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომლის შესრულებაც გზაზე მოძრაობას შედარებით უსაფრთხოს ხდის. ეს მოთხოვნები ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე შესრულებული არ არის.

ქობულეთის შემოვლითი გზა ჯამში 31.7 კმ-ია. გზა ორზოლიანია.

გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი: „რადგან გზა ორზოლიანია, ხოლო მოძრაობის დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ, არსებობს სერიოზული რისკები. პირველ რიგში, ზოლებს შორის უნდა არსებობდეს გამყოფი ბარიერი, რაც, როგორც ვიცი, ამ გზაზე არ არსებობს. გზაზე უნდა იყოს ე.წ. უბეები, ანუ ადგილი, სადაც ავტომანქანის გადაყენება იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, გზაზე უნდა დამონტაჟდეს წერტილოვანი და სექციური კამერები. წერტილოვანი კამერა აფიქსირებს კონკრეტულ მონაკვეთში რა სიჩქარით გადაადგილდება ავტომანქანა. სექციური კამერა კი, საშუალო სიჩქარეს ითვლის. ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.“

„ჯერ განათება უნდა დამონტაჟდეს. ამის შემდეგ იქნება სექციური და წერტილოვანი კამერები,“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათავსებს.

რაც შეეხება გამყოფ ბარიერს – გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გამყოფი ზოლი იმ შემთხვევაში მოეწყობა, თუ მოძრაობის ზოლების დამატების საჭიროება იქნება.

„ჯერჯერობით ამ გზაზე მოძრაობის ინტენსიობა არაა ხშირი. თუ ამის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ,“ – აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მთავარი ფოტოზე: ქობულეთის შემოვლითი გზა / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი