მუნიციპალური ავტობუსები, სადაც ბილეთს ვერ შეიძენთ – უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ოთხ სამარშრუტო ხაზზე ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში კონდუქტორები არ არიან. ამ ხაზებზე მოძრავ ავტობუსებში მგზავრი სამგზავრო ბილეთს ვერ შეიძენს, თუმცა თუ აქვს ბილეთი, მას შეუძლია ამ ბილეთით ისარგებლოს. თუ არც ბილეთი გაქვთ და არც პლასტიკური ბარათი, ბუნებრივია მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდით, რისთვისაც შესაძლოა კონტროლიორმა დაგაჯარიმოთ. უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ აღნიშნულ ხაზებზე კონდუქტორების ვაკანსიები გაჩნდა და ახლები აღარ აუყვანიათ, ამიტომ გადაიყვანეს ეს ხაზები პლასტიკური ბარათით გადახდაზე.

კიდევ რომელ ხაზებზე იგეგმება ავტობუსებში სამგზავრო ბილეთების გაყიდვის გაუქმება უახლოეს პერიოდში? – „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ეს კონკრეტულად ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვთ.

„მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ მოქალაქეებისა და ტურისტების მდგომარეობას, რომლებიც არ არიან ინფორმირებულნი, რომ ბილეთები აღნიშნულ ხაზებზე ავტობუსებში არ იყიდება და ამ ეტაპზე ვერიდებით მათ დაჯარიმებასაც,“ – გვითხრეს კომპანიაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ახალ პროექტზეც მუშაობს, რომლის განხორციელების შემთხვევაში სამგზავრო პლასტიკური ბარათების აღება შესაძლებელი იქნება არა მარტო ბანკში, არამედ ქუჩაში განლაგებულ ფეიბოქსებშიც. კომპანიაში ამ კუთხით დეტალები ჯერ დაზუსტებული არ აქვთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com