მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს ხე-ტყეს სამასალედ – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს“

14.06.2018 • 2899
ვინ მიიღებს ხე-ტყეს სამასალედ – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს“

ვის გამოუყოფენ ტყეში ხეებს სამასალედ – ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მიზეზი მარტივია – არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც კონკრეტულ ოჯახს ტყის სპეციალური ფონდიდან სამასალე ხე-ტყეს გამოუყოფენ. ხულოს მერიის შესაბამის კომისიაში კი გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კომისია კი არა, მოსახლეობა იღებს.

სამასალე ხე-ტყის გამოყოფაზე მოთხოვნას მუნიციპალიტეტები პირველ მაისამდე თავად აყენებენ სატყეო სააგენტოში.

„მაგალითად, ქობულეთმა მოითხოვა 1300 კუბური მეტრი, შუახევმა და ხულომ – 2-2 ათასი… შესაძლებელია, სრულად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს. ჩვენ პირველ სექტემბრამდე ვახდენთ აღწერას და მივაწვდით ინფორმაციას მუნიციპალიტეტებს, სად არის შესაძლებელი სამასალე ხე-ტყის მიღება,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.

სამასალე ხე-ტყის გამოყოფის შემდეგ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტებში მოქმედი სპეციალური კომისიები განიხილავენ. აქ გვითხრეს, რომ მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე ტყის რესურსი არსებობს. მოთხოვნას მუნიციპალიტეტის კომისიები სატყეო სააგენტოსთან კონსულტაციის შემდეგ აყენებენ.

„მოთხოვნას ვაყენებთ იმდენს, რამდენის რესურსიც არსებობს, რასაც სააგენტო გვეტყვის… მაგალითად, წელს უკვე 1300 განაცხადია სამასალეს მიღებაზე, რაც  6 ათასი კუბური მეტრი გამოდის. ხულოს მოთხოვნა სამასალე ხე-ტყის გამოყოფაზე 2 ათასი კუბური მეტრია,“ – გვიყვება ხულოს მერიის მოსახლეობისთვის პირადი მოთხოვნის მიზნით სამასალე ხე-ტყის გაცემის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, ზურაბ თავართქილაძე.

რა კრიტერიუმით არჩევს კომისია ოჯახს, ვინც სამასალე ხე-ტყე უნდა მიიღოს? – ზურაბ თავართქილაძე განმარტავს, რომ ამ პროცესს „სოციალური ჭრა“ ჰქვია და პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით, ხე-ტყეს სამასალედ სხვებიც ითხოვენ განცხადებით. დაკმაყოფილებულა მათი მოთხოვნაც.

როგორ იღებს გადაწყვეტილებას კომისია? – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს,“ – გვითხრა ზურაბ თავართქილაძემ, -„ჩვენთან შემოდის მოთხოვნები, რასაც ვაძლევთ მერის წარმომადგენელს. წარმომადგენელი მოსახლეობასთან ერთად წყვეტს, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ ოჯახს სამასალე ხე-ტყე. ადგილზე დაათვალიერებენ და თუ აუცილებელია, ადგილზე გაფორმდება ოქმი,“ – ამბობს ის.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა და სოფლის რწმუნებული ჩათვლიან, რომ ყველა ოჯახს ერგება სამასალე ხე-ტყე, ვისაც მოთხოვნა დაწერილი აქვს? – ხულოს კომისიის თავმჯდომარემ ამ კითხვაზე კონკრეტულად ვერ გვიპასუხა.

კომისიაში ვერ გვითხრეს ასევე კონკრეტული მექანიზმის შესახებ შემთხვევაზე, როცა სამასალე ხე-ტყეს მოქალაქე საკუთარი სახლის მშენებლობისთვის არ იყენებს და ყიდის.

„ვამოწმებთ ადგილზე და ვიღებთ ზომებს… ეს არის სოციალური ჭრა და არა ის, რომ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ. ამდენს არ ვაძლევთ ჩვენ… არ გვქონია ასეთი შემთხვევა, რომ კომერციული მიზნებისთვის გამოყენება დადასტურებულიყო,“ – აღნიშნა ზურაბ თავართქილაძემ.

ხულოსგან განსხვავებით ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია იღებს. ზუსტი კრიტერიუმი ვერც აქ გვითხრეს, როგორ არჩევს კომისია ოჯახს, ვისაც სამასალე ხე-ტყეს მისცემენ. აქ განმარტავენ, რომ ჯერ ზუსტად უნდა დადგინდეს, რამდენი იქნება ტყის ფონდი.

„კომისია უპირატესობას ანიჭებს ხანძრის, ან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, სოციალურად დაუცველებს… კომისიაში შედიან ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელები და შემდეგ ისინი ადგილზე ამოწმებენ, რამდენად მიზნობრივად გამოიყენეს გამოყოფილი სამასალე ხე-ტყე, ისინი აწვდიან კომისიას ინფორმაციას,“ – აღნიშნეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში. კონკრეტულ კრიტერიუმებზე სასაუბროდ კომისიის წევრებმა ჩვენთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.

სამასალე ხე-ტყის რესურსი გასულ წელთან შედარებით ნაკლები იქნება. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, გასულ წელს 6749 კუბური მეტრი სამასალე ხე-ტყე გაიცა, წელს კი დაახლოებით 4500 კუბური მეტრი გამოიყოფა. ჯუმბერ აბულაძის თქმით, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ეს რაოდენობა შემცირდა. მისი განმარტებით, მეტყევეები აღწერენ, საიდან არის მიზანშეწონილი ხის გამოტანა.

ჯუმბერ აბულაძის თქმით, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება საშეშე მასალაზე. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ოჯახი 15 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს, დაბლობში – 10-ს. ერთი კუბურ მეტრ საშეშე მასალაზე მოსაკრებელი 5-6 ლარს შეადგენს ხის ჯიშის მიხედვით.

რაც შეეხება სამასალე ხე-ტყის ფასს. ერთი კუბური მეტრი სამასალე ხე-ტყის ფასი 17 ლარია.

აჭარის რეგიონში კომერციული ჭრა დაშვებული არ არის. „ჩვენთან ტყეს ძირითადად ნიადაგდაცვითი ფუნქცია აქვს და მხოლოდ სოციალური ჭრა არის დაშვებული,“ – ამბობს აჭარის სატყეო საგენტოს უფროსის მოადგილე.

 

მთავარი ფოტო: ბიძინა ივანიშვილის პარკში ხეების გადატანის გამო მოჭრილი ხეები ჩაქვში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: